02 მაისი 2024,   23:30
ვრცლად
"კურიერი" ცხელი წერტილიდან - სამხედრო დაპირისპირება მთიან ყარაბაღში გრძელდება, გარდაცვლილია 19 და დაშავებულია 80 მშვიდობიანი მოქალაქე

მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. ბოლო სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმებს 19 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, დაშავდა 80. არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. ომბუდსმენის ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის არის ბავშვიც.

ცხელ წერტილში "კურიერის" ორი ჯგუფი მუშაობს.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლების ინფორმაციით, საჰაერო იერიშები აღარ განხორციელებულა.

"კურიერის" კორესპონდენტის ლიკა ალელიშვილის ინფორმაციით, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და თავად შეესწრო ერთ-ერთ დაბომბვას ქალაქ სტეფანაკერტის საავადმყოფოსთან. იქ დაღუპულია 19 მოქალაქე და დაჭრილია 80 პირი. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აუცილებელია საჰაერო იერიშების დროულად შეწყვეტა.

ჯაბრაილის რაიონის კიდევ სამ სოფელზე კონტროლის მოპოვების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტი.

"კურიერის" კორესპონდენტი დავით ცაგარელი იმყოფება ქალაქ განჯაში, რომელიც 90 კილომეტრით არის დაშორებული კონფლიქტის ზონიდან. მისი თქმით, ქალაქის ცენტრალური უბანი სომხეთის ავიაიერიშის გამო დაზიანებულია. განადგურებულია საცხოვრებელი სახლები. 

ცაგარელის თქმით, ოფიციალური ინფორმაციით, განადგურებულია  370-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ასევე, იზრდება მსხვერპლი.

როგორც  სოფელ მენგეჩაურში ადგილობრივები  "კურიერთან" საუბრისას აცხადებენ, თავდასხმა მშვიდობიან მოქალაქეებზე ხდება.

"აფეთქება საკმაოდ მძიმე იყო. ჩემი ოჯახის სამი წევრი მძიმედ დაიჭრა, ორი შედარებით მსუბუქად, სახლი განადგურებულია, ეს თავდასხმის ფაშისტური აქტი იყო. ჩვენი ბიჭები ასე არ იქცევიან. დიდება ჩვენს ჯარისკაცებს," - განაცხადა ადგილობრივმა "კურიერთან" საუბრისას.

"თავადაც ხედავთ როგორი ძლიერი დარტყმა იყო. ორმოს დიამეტრი დაახლოებით 10 მეტრს შეადგენს, სიღრმე კი 20-მდე იყო. რამდენიმე საათში მიწის ცხელი მასა ზემოთ ამოვიდა, არ ვიცი ეს რას ნიშნავს. სახლი სრულად განადგურებულია. მოვასწარი ჩემი ოჯახის წევრების გაყვანა. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ვერც ერთი დაბომბვით ვერ შეგვაშინებენ, ეს ლაჩრული თავდასხმაა მშვიდობიან მოქალაქეებზე, ყარაბაღი აზერბაიჯანია," - განაცხადა ადგილობრივმა "კურიერთან" საუბრისას.

"სროლისა და აფეთქების ხმა გუშინ ნახევარი ღამის განმავლობაში ისმოდა, რა უნდათ მშვიდობიანი მოქალაქეებისგან?! დიდება უფალს, ჩვენს ვაჟკაც მეომრებს. ჩვენ ამ სიტუაციაში მართლები ვართ, არ დავნებდებით ," - აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა  "კურიერთან" საუბრისას.

დღის ამბები