ეპიდემიოლოგები აჭარაში საარჩევნო პროცესის ჩაშლის საფრთხის შესახებ ალაპარაკდნენ. სპეციალისტები მსგავსი სცენარით მოვლენათა განვითარებას იმ შემთხვევაში პროგნოზირებენ, თუ რეგიონში კოვიდის მზარდი სტატისტიკა შენარჩუნდება. რაც შეეხება კლინიცისტებს - იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მოსახლეობას მოუწოდებს ოქტომბრის თვე გრიპის ვაქცინის გასაკეთებლად გამოიყენონ.
"მზარდი სტატისტიკა გვაქვს, რაც ქმნის იმ რისკებს, თუ ჩვენი ქვეყანა და ჯანდაცვის სისტემა მას რამდენად გაუძლებს. ლოკალურად აჭარაში და ბათუმში მიმდინარე პროცესები ძალიან მაღელვებს, მესმის რომ ახლა ამას არჩევნების თემა ეჯაჭვება და საარჩევნო პროცესების ჩაშლას გამოიწვევს რეგიონში კარანტინის შემოღება და ღონისძიების გამკაცრება, მაგრამ სახელმწიფომ ადამიანების სასარგებლოდ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება," - აცხადებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.