06 სექტემბერი 2026,   20:38
ვრცლად
ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებს, თუმცა აღკვეთის ღონისძიების ალტერნატივის სახით გირაოს მოითხოვს

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებებში ბრალდებული ნატალია ილიჩოვას ადვოკატის სულხან კომახიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს, თუმცა სასამართლოზე აღკვეთის ღონისძიების ალტერნატივის სახით გირაოს მოითხოვენ.

ადვოკატი ამბობს, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. 

"ბრალი, როგორც თქვენთვის ცნობილია ქალბატონ ნატალიას ედება საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებაში, თუმცა, ის ამ ბრალეულობას არ აღიარებს. ბუნებრივიცაა, ვერ აღიარებდა იმას, რაც არ ჩაუდენია.

ქალბატონი ნატალია, ისევე როგორც ჩვენ არის საქართველოს მოქალაქე და მის ინტერესებშიც შედის საქართველოს საზღვარი იყოს ისეთი, როგორიც გვინდა, რომ იყოს. მაგრამ ადამიანმა, რომ რუკის წაკითხვა იცოდეს სწორად და ეს სწორი ინფორმაცია მიაწოდოს კომისიას, ამისთვის ის პატიმრობაში არ უნდა იმყოფებოდეს. ყველა მოქმედება მიანიშნებს იმისკენ, რომ ამ საქმეს პოლიტიკური სუნი უდის.

ჩვენი ალტერნატივა იქნება ის, რომ პატიმრობის გამოყენება ამ საქმეზე არ არის მიზანშეწონილი და არ იქნება სამართლებრივად სწორი და მოვითხოვთ გირაოს," - განაცხადა სულხან კომახიძემ.

აღსანიშნავია, რომ ამავე საქმეზე მეორე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლოსთვის გირაოს შეთავაზებას არ აპირებს. შესაბამისად, ადვოკატი სასამართლოს, მელაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით არ მიმართავს.

დღის ამბები