07 სექტემბერი 2026,   06:35
ვრცლად
უბინძურესი ბრალდებაა, კი ბატონო, ჩამსვით, მაგრამ ამ ბრალდებას ვერ შევეგუები - ივერი მელაშვილი

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულებს, ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ და განმარტავენ, რომ საქართველოს საზღვრების დასადგენად რუკა, რომლის დემარკაციის პროცესში გამოუყენებლობასაც ედავებიან, საზღვრების დასადგენად გამოუსადეგარია.

"ეს ფაქტი საერთოდ არ მომხდარა, ვერ შეიძლება მომხდარიყო. რაც შეეხება ბერ კირიონს, ჰგონია, რომ რაღაც იცის. სინამდვილე კი ის არის, რომ ბერი კირიონის ბრალდებასთან ერთად საქართველოს საქმეს აფუჭებთ ხალხნო! ეს არის სიბინძურე, რაც ხდება, უბინძურესი ბრალდებაა. კი ბატონო, გადაგორდება ეს არჩევნები, შეიძლება შეიცვალოს, არ შეიცვალოს, მაგრამ ხვალ და ზეგ ხომ უნდა ვუყუროთ ერთმანეთს თვალებში. კი ბატონო, ჩამსვით, მაგრამ ამ ბრალდებას მე ვერ შევეგუები,"- განაცხადა ივერი მელაშვილმა.

ბრალდებას უარყოფს მეორე ბრალდებული ნატალია ილიჩოვაც:

"1929 წლის ხელშეკრულებაში პირდაპირ, არამარტო რუკით, არამედ პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ დავით გარეჯის ნაწილს ვკარგავთ და საზღვარი გადის ჩიჩხიტურის კოშკზე. როდესაც ჩემთან სახლში ჩხრეკა ჩატარდა და მასალები ამოიღეს, გაუკვირდათ რატომ გვქონდა ამდენი მასალა? მე იმიტომ მქონდა ამდენი მასალა, რომ ვსწავლობდი და ვიყენებდი მას. რომ არ მქონოდა, შეიძლება არასათანადოდ შემესწავლა იგი.
ჩვენთვის უცხოა ბრალდება, რაც წაგვიყენეს. დღეს, როდესაც სპეციალურ პროგრამაში ზრდი თანამედროვე რუკის მასშტაბს და საუბრობ, იმაზე, რომ აქ რაღაცა იკარგება ამის შედეგად, ეს, სულ მცირე, არაკორექტულია"-განაცხადა მან. 

შეგახსენებთ, პროკურატურის ბრალდებით,კომისიის ყოფილი წევრები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს არსებითად ეწინააღმდეგება.

დღის ამბები