ოპოზიცია საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრის დაკავებას ოპოზიცია წინასაარჩევნო პროვოკაციას უწოდებს.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ის პირები, ვინც ივერი მელაშვილი ციხეში გაუშვა, გისოსებს იქით თავად აღმოჩნდება.
"დავით გარეჯის ისტორია კი არ არის, ეს არის წინასაარჩევნო პროვოკაციის ისტორია. ეს პერიოდი ენციკლოპედიური ცოდნის, უგანათლებულესი, უზარმაზარი ინსტიტუციური მეხსიერების პატრონი ივერ მელაშვილი გაწირეს ამ ნაძირალებმა საპყრობილეში ყოფნისთვის. ამ პროვოკაციის ავტორები აუცილებლად ჩასხდებიან იმ ციხეში, სადაც ივერ მელაშვილია, არ მოვეშვები ამ საქმეს. ყველამ რომ თავი დაანებოს, არ მოვეშვები,"- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე კი სახელმწიფო ინტერესებით მანიპულირებაზე საუბრობს.
"ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. ნულოვანი ნდობა მაქვს პროკურატურის მიმართ, რომელსაც არცერთი არაპოლიტიკური საქმე არ გამოუძიებია. რაც ყველაზე მთავარია, მე მათ ვუთხარი, რომ ფართო საზოგადოებრივ კონტექსტში ყოფილიყო ეს ყველაფერი განხილული. მათ ისევ დამალეს ეს პროცესი, ისევ უნდათ, რომ პროკურატურის ჯურღმულებმა გადაწყვიტოს. ამას პასუხს გავცემთ 31-ში. მე პირდაპირ ვამბობ, რომ სახელმწიფო ინტერესებით ასე მანიპულირება არ შეიძლება,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
"ერთიანი საქართველო -დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხაზს უსვამს, რომ მიწის გაყიდვაზეა საუბარი მაშინ, როდესაც ამის დასადასტურებლად ბოლო წლებში ხელმოწერილი არცერთი დოკუმენტი არ არსებობს.
"ეს არის ადამიანის ემოციებზე აგებული საქმე, რომ ვითომ, ვიღაც საქართველოს მიწას ყიდდა მაშინ, როდესაც არც ერთი დოკუმენტი ხელმოწერილი ბოლო წლების განმავლობაში არ არის. ეს არის პირდაპირი მცდელობა, რომ ადამიანის ბედით ითამაშონ, ადამიანების ემოციებით ითამაშონ და თავიანთი პოლიტიკური ქულები ჩაიწერონ,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრის ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს.
პროკურატურის ბრალდებით, კომისიის ყოფილი წევრები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს არსებითად ეწინააღმდეგება.