დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ თბილისში ფართომასშტაბიანი შემზღუდავი ღონისძიებების დაწესებაზე მსჯელობა მიმდინარეობს. მისივე თქმით, გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ორშაბათს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იქნება მიღებული.
"შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილებებს, რა მასშტაბის, როგორი და ა.შ. იღებს საკოორდინაციო საბჭო. წერტილოვანი შეზღუდვები რა თქმა უნდა, ხორციელდება. რაც შეეხება, ფართომასშტაბიან ღონისძიებებს, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა. რა ტიპის იქნება ეს შემზღუდავი ღონისძიებები ან იქნება თუ არა, ამაზე გადაწყვეტილება, იმედი მაქვს, მიღებული იქნება ორშაბათს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე და ყველასთვის გახდება ცნობილი," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ბიზნესის მიერ წესების დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
"იკვეთება ბიზნესის დიდი მნიშვნელობა. რა შეზღუდვა სჭირდება, თუ ვირუსი გაუჩნდა, დაიკეტება, ხომ? აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელმძღვანელებს, ბიზნესმენებს, თავიანთ სამუშაო ადგილებზე მაქსიმალურად უზრუნველყონ ყველანაირი პროფილაქტიკური ღონისძიება, რომ მათ ბიზნესს გაჩერების საფრთხე არ შეექმნას. უმარტივესია: ნიღაბი, დისტანცია, ხელის ჰიგიენა," – განაცხადა პაატა იმნაძემ.