07 სექტემბერი 2026,   06:36
ვრცლად
ივერი მელაშვილის ადვოკატი დავით ხიდაშელის ჩვენებასა და ინტერვიუს შორის არსებულ უზუსტობებზე საუბრობს

ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ "რუსთავი2"-სთვის მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრის, საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილის ადვოკატი. ედუარდ მარიკაშვილი იმ უზუსტობებზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, დავით ხიდაშელის მიერ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებსა და "რუსთავი2"-სთვის მიცემულ ინტერვიუს შორის არსებობს:

"ბატონი დავით ხიდაშელის გუშინდელი ინტერვიუ შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ წინააღმდეგობაში მოდის მის მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებასთან.ის გარკვეულ ფაქტებს სხვაგვარად ამბობს ჩვენებაში, რაც არის ფიცის ქვეშ მიცემული და არის სახელმძღვანელო დოკუმენტი. თუმცა ჩვენ ვხედავთ რომ საჯაროდ ის აკეთებს სულ სხვა განცხადებებს, მათ შორის რუკის მოძიების დაწყების ფაქტთან დაკავშირებით. თითქოს ბეჟან მაისურაძემ სთხოვა რომ ეს რუკები მოეძია, ინტერვიუში ის ამბობს რომ ეს დავალება მიიღო ბიძინა ივანიშვილისგან.  ჩვენ მივიღებთ მოცემულობას, როცა მოყვარული ბიზნესმენების, ბუკინისტების და რუკის კოლექციონერების ჩვენებებზე და მოსაზრებებზე უნდა იყოს დაფუძნებული  კონკრეტული გამოძიება და  ადამიანებისთვის ასეთი მძიმე ბრალდებების წაყენება. მაშინ როდესაც რეალური, იურიდიული ძალის დოკუმენტები, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდეს გამოძიება და არა კოლექციონერების ჩვენებებით, ამბობს სულ სხვა რამეს," - აცხადებს ედუარდ მარიკაშვილი.

ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა, რომელმაც დავით გარეჯთან დაკავშირებით საქართველოსა და სხვა ქვეყნებში რამდენიმე ათეული რუკა მოიძია, პირველად "რუსთავი 2"- ის ეთერში თქვა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრების სადავო ტერიტორიების გადახედვის გადაწყვეტილებისთვის, მნიშვნელოვანი იყო რუსეთის "როსრეესტრის" არქივიდან ამოღებული რუკები და მათი შედარება წარსულში შედგენილ არაერთ დოკუმენტთან. ექსკლუზიურ ინტერვიუში დავით ხიდაშელი ყვება სად, როგორ და როდის აღმოაჩინა ის მასალა, რომლის მიხედვითაც გაარკვია, რომ 1920 წლიდან დღემდე ორ ქვეყანას შორის ტერიტორიული საზღვრები შეუთანხმებელია. რაც შეეხება რუკას, რომლის გამოუყენებლობასაც ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას ედავებიან - ამ რუკის დედანი ვერც დავით ხიდაშელმა იპოვა. ერთადერთი საბუთი, რომლითაც ქართველი ბიზნესმენი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ჩვენი ქვეყნის საზღვარი 1938 წელს გადიოდა უდაბნოს ქედს ქვემოთ, არის შინაგან საქმეთა სამინისტროს კომისარიატის მოწვევა, სადაც კომისარი გოგლიძე ცენტრალურ ჯგუფს სთხოვს შეხვედრას და რესპუბლიკებს შორის საზღვრების დადგენას. 82 წლის წინ მხარეები შეთანხმდნენ ზუსტი მასშტაბის რუკის შედგენაზე, რომელიც წესით 1938 წლის პირველ ივნისს უნდა გამოცემულიყო. დავით ხიდაშელმა რუკის ორიგინალს ვერ, მაგრამ მიაგნო ოფიციალური შეხვედრის დოკუმენტზე მიმაგრებულ თანდართულ საბუთს, სადაც ასევე ასახულია, რომ ქართული ეკლესიის სამი სალოცავი ნამდვილად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებში მოექცა.

დღის ამბები