პროფესორი, კონსულტანტი ჰოსპიტალური მართვის საკითხებში, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ კოვიდსასტუმროებში მოთავსებული პაციენტების ზოგადი მეთვალყურეობა მიმდინარეობს და ადგილზე შესაბამისი მედპერსონალი არ არის. ზაზა ავალიანის თქმით, ქვეყანა ებრძვის პანდემიას და აჭარის რეგიონში მაქსიმუმი კეთდება.
რა გახდა გუშინ ბათუმში, კოვიდსასტუმროში 41 წლის უსიმპტომო პაციენტის გარდაცვალების მიზეზი - ავალიანის თქმით, ექსპერტიზა დაადგენს.
"ვიდრე არ მოხდება გვამის გაკვეთა და დეტალური შესწავლა, იმ მიზეზების რამაც უშუალოდ სიკვდილი გამოიწვია, მანამდე ძალიან რთული და ჰიპოთეტიკური იქნება მსჯელობა. რაც შეეხება კოვიდსასტუმროებში ყურადღებას, მაქსიმუმი კეთდება რეგიონში მობილიზაციის კუთხით.
უნდა შევჯერდეთ, თუ რა მისი ეკისრება კოვიდსასტუმროებს, სადაც დაბალი სიმძიმის, უფრო სწორად - უსიმპტომო პაციენტები იმყოფებიან, იზოლაციის მიზნით. გარკვეულწილად, ზოგადი მეთვალყურეობა მიმდინარეობს, მაგრამ უკუკავშირის პრინციპით, ჩვენი სასტუმრო სივრცეები არ არის ისე მობილიზებული, რომ მოხდეს მომენტალური გამოძახება პერსონალის, შესაბამისად, ტექნოლოგიური ხარვეზი არ არის დამოკიდებული სასტუმროს აღჭურვაზე, ეს სიტუაციამ მოიტანა და არ არის იოლი ამ ტიპის მონიტორინგი.
გარკვეული პერსონალი არსებობს, რომელიც მეთვალყურეობას აწარმოებს, მაგრამ ამას სჭირდება ტექნოლოგიური რესურსი. ჩვენ გვინდა, რომ ყველა მოქალაქეს მივაქციოთ ყურადღება. ნუ დაგვავიწყდება, ჩვენ პანდემიასთან გვაქვს საქმე. უამრავი ფაქტი მაქვს იმისი, რომ სამედიცინო პერსონალთან მისვლა კი არა, ტელეფონის ზარსაც ვერ ახორციელებენ მოქალაქეები ევროპის და მსოფლიოს წამყვან დიდი ქვეყნებში.
თუ ასე გაგრძელდა და ინფექცია გავრცელდა ჩვენს მოსახლეობაში, გამოიწვევს უკმარობის თემას. ეს რომ არ მოხდეს, დღე და ღამე მუშაობს სამობილიზაციო ჯგუფი,"-განაცხადა "დღის კურიერში" ზაზა ავალიანმა.