27 აპრილი 2024,   03:35
ვრცლად
წლის ბოლომდე ბინებს 600-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს

ვარკეთილში, აბაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წლის ბოლომდე, სხვადასხვა ლოკაციაზე ბინებს 600-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს, რითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას სრულად შეასრულებს.

უწყების ცნობით, ვარკეთილის სამხედრო ქალაქში N13 და N15 კორპუსების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.

ამჟამად, ორივე კორპუსში შიდა საინჟინრო-საკომუნიკაციო, გადატიხვრისა და ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. წლის ბოლოს ბინები სამხედროებს თეთრი კარკასის მდგომარეობაში ჩაბარდებათ.

კორპუსები აღჭურვილი იქნება სამგზავრო და სატვირთო ლიფტებით, კეთილმოეწყობა და გამწვანდება კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაც.

აბაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პროცესს, ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

დღის ამბები