გაფართოვდება თუ არა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა და მოახლოებული არჩევნების კონტექსტში მიიღებენ თუ არა საბჭოს სხდომებში მონაწილეობას ოპოზიცია და სახალხო დამცველის წარმომადგენელი. ამ თემასთან დაკავშირებით რუსთავი2-ის შეკითხვას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე უპასუხა. ნათია მეზვრიშვილის თქმით, ფორმატის გაფართოება არ იგეგმება:
"პირდაპირ გიპასუხებთ ამ შეკითხვაზე, რომ არა. ეს არ გახლავთ ფორმატი, რომელზეც არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები იხილება. ამაზე მუშაობს ძალიან აქტიურად ცესკო და შესაბამისი პოლიტიკური პარტიები. ეს გახლავთ ფორმატი სადაც კონკრეტული, სწრაფი გადაწყვეტილებები მიიღება. ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ რაიმე ფორმით საბჭო გახდეს არაქმედითი, ჩვენ ძალიან ბევრი ფორმით როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ისე სახალხო დამცველთან გვაკავშირებს თანამშრომლობის ძალიან კარგი ისტორია. მათ შორის კოვიდის მართვის პროცესში. მე არ მგონია, რომ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, ისევე როგორც სახალხო დამცველის ოფისს, ჩვენთან კომუნიკაციის პრობლემა ჰქონოდა. ჩვენ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მათ რეკომენდაციებს. რაც შეეხება საბჭოს ფორმატის ცვლილებას, საბჭოს ფორმატი არ შეიცვლება და მას არ დაემატება არც არასამთავრობო ორგანიზაციები და არც სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი. მიზეზი არის ერთადერთი აქ მიიღება სწრაფი გადაწყვეტილებები, ეს საბჭო უნდა იყოს ქმედითი," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა, მისი თქმით თუ ვინმე სურს კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში თავისი წვლილი შეიტანოს, მათ შორის ცნობიერების ამაღლებაში, ამაში ისინი თანადგომას გამოუცხადებენ.