03 დეკემბერი 2024,   01:02
ვრცლად
ეს გახლავთ "ნაციონალური მოძრაობის" და ჩემი ოპონენტის ხელწერა - გოგი მეშველიანი დმანისის ინციდენტზე

სისხლიანი დაპირისპირება დმანისში "ქართული ოცნების" ოფისთან - დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. მმართველი გუნდის წარმომადგენლების ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები კომენტარს არ აკეთებენ, შესაბამისად, ამ დროისთვის დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება მმართველი გუნდის მაჟორიტარი კანდიდატი გოგი მეშველიანი, რომელმაც განაცხადა, რომ შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანია დაჭრილი, მათგან ერთი "ქართული ოცნების" აქტივისტია.

მეშველიანის თქმით, დაპირისპირება ცივი იარაღით მოხდა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით კი, მათ შემთხვევის დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.

"სამწუხაროდ, ამ თავდასხმას მოჰყვა მონაწილე პირების ფიზიკური დაზიანება. დაჭრილები არიან როგორც ჩვენი აქტივის წევრი, ისე - თავდამსხმელები. ცივი იარაღი იყო დანა, დანის იქით მერე რა მოხდა, არ ვიცი, იარაღი ვინ ამოიღო და ვინ გაისროლა, ინფორმაცია არ მაქვს.

ეს თავდამსხმელები, რომლებიც მოვიდნენ "ქართული ოცნების" ოფისში, ეძებდნენ "ქართული ოცნების" საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარეს, შტაბის უფროსს იმისათვის, რომ მათთვის მიეყენებინათ ზიანი. ეს გახლავთ "ნაციონალური მოძრაობის" და ჩემი ოპონენტის ხელწერა, რომლის ამოცნობაც ძალიან მარტივად შეიძლება, ადამიანების არაფხიზელ მდგომარეობამდე მიყვანა, წაქეზება და მათი შესევა "ქართული ოცნების" ოფისებს," - განაცხადა მეშველიანმა.

დმანისში "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბთან მომხდარ სისხლიან დაპირისპირებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. როგორც "კურიერს" უწყებაში უთხრეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 117-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

დღის ამბები