16 ნოემბერი 2026,   16:28
ვრცლად
"ჩვენ ვერ გავემიჯნებოდით იმას, რაც ჩვენთან კავშირში არ იყო" - ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვაზე

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საკითხის განხილვა გრძელდება. სხდომა ისევ კითხვა-პასუხის რეჟიმში იმართება.

ამჯერად, მოსამართლეების შეკითხვებს "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრები პასუხობენ.

ნიკა გვარამია პლენუმის კითხვის პასუხად ამტკიცებს, რომ მას აქციების დროს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ოფისიდან ამოღებული პიროტექნიკა არ უნახავს, მიუხედავად იმისა, რომ ჩხრეკის პროცესს ესწრებოდა.

"არაფერი არ ამოუღიათ [ჩვენი პარტიის ოფისიდან], არ ყოფილა ჩვენი პარტიის ოფისებში მსგავსი. ჩემთვის უცნობია [ "დროას" ოფისიდან ჩხრეკის დროს რა ამოიღეს]. ["დროას" ოფისში მიმდინარე] ჩხრეკის დროს ვიყავი "დროს" ოფისის წინ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მოსამართლეების კითხვა ასევე ეხებოდა საპროტესტო აქციების მიმდინარეობას.

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა ევა გოცირიძემ ნიკა გვარამიას ჰკითხა, შეიძლება თუ არა მანიფესტაცია, რომელიც ძალადობაში გადაიზარდა, ძალადობრივ აქციად ჩაითვალოს.

მოსამართლის კითხვის საპასუხოდ გვარამია აცხადებს, მსგავსი რამ თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ რთული წარმოსადგენი.

"შეიძლება, მაგრამ იმის თქმა, რომ მთელი აქცია იყო ძალადობრივი და მერე ამას მივაბათ სამართლებრივი შედეგები, განსაკუთრებით პარტიასთან დაკავშირებით, თუ ის ორგანიზატორიც კი არ არის თავიდან, ალბათ, თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ მე რთულად მესახება. ჩვენ ვერ გავემიჯნებოდით იმას, რაც ჩვენთან კავშირში არ იყო", - განაცხადა ნიკა გვარამიამ მოსამართლის კითხვის საპასუხოდ.

გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების კითხვებზე პასუხების გაცემის დროს, ნიკა გვარამიამ მის კოალიციაში გაერთიანებულ პარტია "დროასთან" გამიჯვნა სცადა.

"მე წარმოვადგენ პარტია "ახალს". არ არის "დროა" ჩვენთან გაერთიანებული", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

დღის ამბები