26 აპრილი 2024,   13:54
ვრცლად
ე.წ.საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში სოხუმი მზადაა დამნაშავე თბილისს გადასცეს - სერგეი შაბმა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ სააგენტო "SOVA-ს" განუცხადა, რომ ე.წ. საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში, სოხუმი  მზად არის დამნაშავე თბილისს გადასცეს. საუბარია ზუგდიდში გუშინ მომხდარ თავდასხმაზე, რომლის დროსაც დამნაშავემ "საქართველოს ბანკის" ფილიალში 43 მძევალი აიყვანა.

ამასთან, სერგეი შამბამ თავდამსხმელის მიერ შესაძლო ე.წ. საზღვრის გადაკვეთას არარეალური უწოდა. როგორც სერგეი შამბამ განაცხადა, რეგიონში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს და პროცესში ყველა უწყებაა ჩართული.

შეგახსენებთ, გუშინ ზუგდიდის ცენტრში მდებარე ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით დღის ორი საათისთვის შეიჭრა. ბანკის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს იარაღით დაემუქრა და მუხლებზე დაჩოქება უბრძანა. იყო რამდენიმე გასროლაც. ბოროტმოქმედმა მოგვიანებით, 500 000 ამერიკული დოლარი და თვითმფრინავით ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია მოითხოვა.

ბანკში მყოფების ნაწილმა თავს გაქცევით უშველა, 19 პირი კი ტყვეობაში დარჩა. ადგილზე მყოფი ერთ-ერთი მძევალი მედიას პერიოდულად ეკონტაქტებოდა. რამდენიმე საათიანი სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, ბოროტმოქმედმა მძევლების გარკვეული რაოდენობა თავად გაათავისუფლა.

მოგვიანებით კი, ნიღბიანმა შეიარაღებულმა პიროვნებამ ტერიტორია სამ მძევალთან ერთად დატოვა. ერთ-ერთი მათგანი სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა იყო. სწორედ გალდავა აწარმოებდა შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს და თავდამსხმელის მიერ მოთხოვნილი თანხაც ბანკში გალდავამ მიიტანა. ამ დროისთვის ყველა მძევალი უსაფრთხოდ არის, თავდამსხმელმა კი მიმალვა შეძლო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით დაიწყო.

დღის ამბები