20 აპრილი 2024,   13:45
ვრცლად
ალბათ, ყოფილი ჯარისკაცი ან სპეცრაზმელი იყო, იოტისოდენადაც არ ეტყობოდა ნერვიულობა - ყოფილი მძევალი ინციდენტს იხსენებს

ირაკლი კვარაცხელიამ, რომელიც ზუგდიდში, "საქართველოს ბანკში" მომხდარი ინციდენტისას თავდამსხმელს მძევლად ჰყავდა აყვანილი, "კურიერთან" განაცხადა, რომ თავდამსხმელი ყოფილი ჯარისკაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

ირაკლი კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ დაინახა, როგორ გადასცეს მას ჩანთა, თუმცა, იყო თუ არა იქ ფული, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

"მაღალი ალბათობით, ყოფილი ჯარისკაცი იყო, ან სპეცრაზმელი - ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა. იარაღთან ურთიერთობის საკმაო გამოცდილება ჰქონდა და იოტისოდენადაც არ ეტყობოდა ნერვიულობა. მოლაპარაკების დროსაც მძევლის მეშვეობით ესაუბრებოდა და ეუბნებოდა, რომ ეს ხალხი, ვინც მას ჰყავდა მძევლად, რომ მშვიდობიანად წასულიყვნენ სახლში, ამის ერთადერთი შანსი იყო, თუ მას ფულს გადასცემდნენ და ის გარანტიას აძლევდა, რომ არავის არაფერი დაუშავდებოდა. მე ვნახე, მას ჩანთა როგორ გადასცეს, თუმცა, შიგნით რამდენი დოლარი იყო და იყო თუ არა საერთოდ დოლარი, არ ვიცი,"-განაცხადა ირაკლი კვარაცხელიამ. 

შეგახსენებთ, გუშინ ზუგდიდის ცენტრში მდებარე ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით დღის ორი საათისთვის შეიჭრა. ბანკის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს იარაღით დაემუქრა და მუხლებზე დაჩოქება უბრძანა. იყო რამდენიმე გასროლაც. ბოროტმოქმედმა მოგვიანებით, 500 000 ამერიკული დოლარი და თვითმფრინავით ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია მოითხოვა.

ბანკში მყოფების ნაწილმა თავს გაქცევით უშველა, 19 პირი კი ტყვეობაში დარჩა. ადგილზე მყოფი ერთ-ერთი მძევალი მედიას პერიოდულად ეკონტაქტებოდა. რამდენიმე საათიანი სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, ბოროტმოქმედმა მძევლების გარკვეული რაოდენობა თავად გაათავისუფლა.

მოგვიანებით კი, ნიღბიანმა შეიარაღებულმა პიროვნებამ ტერიტორია სამ მძევალთან ერთად დატოვა. ერთ-ერთი მათგანი სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა იყო. სწორედ გალდავა აწარმოებდა შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს და თავდამსხმელის მიერ მოთხოვნილი თანხაც ბანკში გალდავამ მიიტანა. ამ დროისთვის ყველა მძევალი უსაფრთხოდ არის, თავდამსხმელმა კი მიმალვა შეძლო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით დაიწყო.

დღის ამბები