მურიკო ბულია, რომელსაც ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" თავდასხმის საქმეზე დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს, ამბობს, რომ მზად არის, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
მისი ინფორმაციით, დაზარალებულის სტატუსი ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში გუშინ მიანიჭეს.
ბულია მომხდარის დეტალებს იხსენებს - მისი თქმით, ბანკში სულ რამდენიმე წუთის შესული იყო, როდესაც შენობაში მძარცველი შეიჭრა.
"რიგის ნომერიც არ მქონდა აღებული, შემოვიდა მძარცველი, თავიდან ვერ გავაანალიზე რა ხდებოდა, სანამ არ გაისროლა იარაღი და თქვა, დაწექით, ძარცვა არისო.
შემდეგ თქვა - მენეჯერს დაუძახეთო, ჩვენ ყველა ერთ ადგილას შეგვკრიბა, წრე გააკეთეთ და დაწექითო.
თავიდან აგრესიული იყო, მერე მეორე სართულზე აგვიყვანა, საბოლოოდ - მესამე სართულზე გავჩერდით. დაგვარეკინა 112-ში, ტელევიზიებში... ითხოვდა ვინმეს, შუამავალს, რომ დალაპარაკებოდა, თავისი მოთხოვნები გადაეცა.
ამის შემდეგ დარეკა ბატონმა ავთო გალდავამ. მას მოსთხოვა 500 ათასი დოლარი და ვერტმფრენი, ან - მანქანა. ბატონი ავთო დათანხმდა ამ ყველაფერზე და მისცა პირობა, რომ თვითონ მოვიდოდა და გადასცემდა ამ ფულს და შუსრულებდა ყველაფერს, რასაც იტყოდა, უბრალოდ, ხალხისთვის არ დაეშავებინა არაფერი," - იხსენებს ბულია.
მისივე თქმით, მძევლებს შორის ბევრი ქალი იყო და რამდენიმე მამაკაცმა შესთავაზა თავდამსხმელს, ქალები გაეშვა და თუ საჭირო გახდებოდა, შენობის დატოვების შემდეგ თავად გაყვებოდნენ.
"მანქანაში, ძირთადად, არ ლაპარაკობდა, მხოლოდ მძღოლს აძლევდა მითითებებს, სად წასულიყო, მაგალითად - ქუჩაში გადასასვლელებს, სად შესულიყო, სად გამოსულიყო, სად გაჩერებულიყო...
გზად პატრულის მანქანა შენიშნა და გაღიზიანდა - ეგ არის, რომ არ მოგყვება პოლიციაო?! მაგ დროს ცოტა გაბრაზდა, დაარეკინა ბატონ ავთოს [გალდავა], რომ არ გამოჰყოლოდა არავინ. ბევრი ვიარეთ და ბოლოს დარწმუნდა, რომ არავინ მოგვყვებოდა.
გადავიარეთ 2 მდინარე და მესამე მდინარეზე რომ მივედით, მანქანა შემოატრიალებინა მძღოლს, მანქანა უკუსვლით შეიყვანა წყალში და ჩამოვიდა წყალში თვითონვე. გაასუფთავა მანქანა და გვითხრა, წადით ახლა წინ და უკან არ გამოიხედოთ ისე იარეთო, ჩვენც წამოვედით ამის მერე," - ჰყვება მურიკო ბულია.
შეიარაღებული თავდასხმა "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე 22ოქტომბერს განხორციელდა. თავდამსხმელი ბანკის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს იარაღით დაემუქრა და მუხლებზე დაჩოქება უბრძანა. იყო რამდენიმე გასროლაც. ბოროტმოქმედმა მოგვიანებით, 500 000 ამერიკული დოლარი და თვითმფრინავით ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია მოითხოვა.
ბანკში მყოფების ნაწილმა თავს გაქცევით უშველა, 19 პირი კი ტყვეობაში დარჩა. ადგილზე მყოფი ერთ-ერთი მძევალი მედიას პერიოდულად ეკონტაქტებოდა. რამდენიმე საათიანი სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, ბოროტმოქმედმა მძევლების გარკვეული რაოდენობა თავად გაათავისუფლა.
მოგვიანებით კი, ნიღბიანმა შეიარაღებულმა პიროვნებამ ტერიტორია სამ მძევალთან ერთად დატოვა. ერთ-ერთი მათგანი სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა იყო. სწორედ გალდავა აწარმოებდა შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს და თავდამსხმელის მიერ მოთხოვნილი თანხაც ბანკში გალდავამ მიიტანა.
თავდამსხმელმა მიმალვა შეძლო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით - 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.