მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის პროცესი გუშინ დღის ბოლოს დასრულდა.
გამოიკითხნენ ის პოლიციელები, ვინც საგამოძიებო მოქმედებებში უშუალოდ მონაწილეობდნენ. ბრალდებულების უფლებადამცველების თქმით, გამოკითხულებს სასამართლოსთვის ახალი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ და მათი ჩვენებები დაკავებულთა ბრალეულობას ვერ ამტკიცებს.
"არანაირი მტკიცებულება არ უთქვამთ, არანაირი ახალი ინფორმაცია სასამართლოსთვის არ მიუწოდებიათ. ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც მათ ჩაატარეს, რომ უშუალოდ შემხებლობაშია მომხდარ ფაქტთან, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ბრალდების ინტერპრეტაცია," - განაცხადა ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატმა ლელა გოგოლაძემ.
ადვოკატების არაადეკვატურ დამოკიდებულებაზე აკეთებს აქცენტს პროკურატურა.
"დაცვის მხარე ცდილობს, რომ გამომძიებლებისგან საქმის მიღმა მიიღოს გარკვეული ინფორმაციები, ანუ ეს ადამიანები შემსწრეები უნდა ყოფილიყვნენ უშუალოდ მომხდარი ფაქტების და ეკითხება საქმის ირგვლივ რა იცით. ეს ადამიანები დაიკითხნენ, დაადასტურეს ყველა იმ მოქმედების სისწორე და შინაარსობრივი კუთხე, რომელიც მათ მიერ არის ჩატარებული ან მონაწილეობა აქვთ მიღებული,"- აცხადებს პროკურორი დავით ყაზარაშვილი