არჩევნების მეორე ტური, დიდი ალბათობით, საქართველოს 6 რეგიონში შედგება. მათ შორის არის ზუგდიდიც, სადაც, ამ დროის მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ლიდერობს - მას ხმების 46 პროცენტზე მეტი აქვს. მეორე ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი მალხაზ ჯალაღონია დაახლოებით 37 პროცენტით, თუმცა, დიდი შანსია, ეს მაჩვენებელი შეიცვალოს, რადგან ამ ეტაპზე 109 უბნიდან დათვლილია მხოლოდ 23-ის მონაცემები.
პლატფორმა 2020-ის დამკვირვებლის თქმით, ოპოზიციის კანდიდატებს ჯამურად მეტი ხმა აქვთ, ვიდრე მმართველი პარტიის კანდიდატს. დამკვირვებლის ინფორმაციით, გაბათილდა 2 ათასამდე ბიულეტენი.
"ცესკოს საიტზე არც კი ფიქსირდებოდა ზუგდიდი მთელი ღამის განმავლობაში. ახლაც [8 საათზე] ცესკოს რუკაზე ზუგდიდი არ ფიქსირდება, რადგან არ არის მონაცემები შეტანილი.
ოქმების შეტანის პროცედურა გაიწელა, ოპოზიციის ხმების ჯამური რაოდენობა აღემატება მმართველი პარტიის მიერ მოპოვებულ ხმათა რაოდენობას, დაახლოებით 47/46-ზეა," - ამბობს პლატფორმა 2020-ის დამკვირვებელი.
ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის 15 კანდიდატი იბრძოდა.