ზუგდიდში "ქართული ოცნების" წევრებმა მეორე ტურისთვის მზადება დაიწყეს. თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს "ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია". პარლამენტის ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბლოკიდან "ენმ - ძალა ერთობაშია" მალხაზ ჯალაღონიამ განაცხადა, რომ მან გადაწყვეტილება გუნდთან ერთად უნდა მიიღოს.
"ჩვენ, სხვა გზა არ გვაქვს, უნდა დავიცვათ ჩვენი ამომრჩევლების ხმები. თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ ახლა, ჩვენი ამომრჩეველი შემდეგ არჩევნებზე არ გამოვა.არჩევნებამდე ისინი გვეუბნებოდნენ, თქვენ მოგცემთ ხმას, ეს ხმები თქვენ უნდა დაიცვათო. ძალიან მეეჭვება, რომ მე-2 ტურში ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას ისეთ პირობებში, იმ ცესკო-ს ხელში, რომელიც ახლა გვყავს და ისეთ პირობებში, რაც ახლა არის ქვეყანაში", - განაცხადა მალხაზ ჯალაღონიამ.