19 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
ეროვნული ვალუტა ისევ უფასურდება - რა მიზეზებზე საუბრობენ სფეროს ექსპერტები

არჩევნებიდან მეოთხე დღეს ეროვნული ვალუტა ისევ უფასაურდება. ერთი დოლარის ღირებულება ეროვნული ბანკის მონაცემებით 3.3 ლარია. ბოლო ერთ დღეში ამ მაჩვენებელმა მოიმატა თითქმის 5 თეთრით. რიცხვები ტრადიციულად გაცილებით მაღალია სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში.

"თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის" დირექტორის ვახტანგ ჭარაიას თქმით, ლარის დასტაბილურებას აქტიური ნაბიჯების გადადგმა და გარკვეული დრო სჭირდება:

"ერთ-ორ თვეში, რომ რაღაცას დავგეგმავთ და შედეგად რაღაცას მივიღებთ, რომ ლარი დასტაბილურდეს, მეეჭვება. ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის გამოჯანსაღება, როგორც მინიმუმ ძველ ნიშნულებზე დაბრუნება არის ერთ-ერთი წამალი, რომელმაც შეიძლება ლარი დაასტაბილუროს. ეს შესაძლოა განხორციელდეს უკვე აღებული საგარეო ვალების დახმარებით, შეიძლება განხორციელდეს ადგილობრივი ბიზნესისთვის შეღავათებისა და წახალისებების გზით, ეს შეიძლება განხორციელდეს სახელმწიფო სექტორის უფრო მეტად გააქტიურებით სხვადასხვა სახელმწიფო პროექტებში, რომლითაც შეიძლება დაასაქმოს საზოგადოება, შექმნას გარკვეული ეკონომიკური აქტიურობა, თუმცა მუდმივად სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ამის განხორციელება ვერ გაგრძელდება," - აცხადებს ვახტანგ ჭარაია.

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი მიიჩნევს, რომ შეზღუდვები მაქსიმალურად მორგებული იყოს და არ ტოვებდეს უსასრულობის შთაბეჭდილებას:

"მოლოდინების ეფექტს, რომელიც დაკავშირებული იყო არჩევნებთან დღეს დაემატა ის სახალხო გამოსვლის მოწოდებები, რომელიც ჩვენ გვესმის ყოველდღიურად. რა თქმა უნდა ეს მოლოდინებზე ძალიან ნეგატიურად მოქმედებს, მეორე საკითხია საკოორდინაციო საბჭო, რომლის ყოველი შეკრებისა და ახალი გადაწყვეტილების შემდეგ პრაქტიკულად შეუქცევადად იწყებს ლარი გაუფასურებას. აუცილებელია, რომ ჩვენ გვქონდეს მაქსიმალურად მორგებული შეზღუდვები და ეს არ იყოს უსასრულობაში გაწელილი. ძალიან აუცილებელია საზოგადოებასთან და სავალუტო ვაჭრობის მონაწილეებთან გარკვეული კოორდინაცია, საინფორმაციო ვაკუუმის ამოვსება," - განაცხადა პაატა ბარიახტარმა.

დღის ამბები