07 სექტემბერი 2026,   03:37
ვრცლად
დაპირისპირება აჭარის მთავრობის სახლთან - ოპოზიციური პარტიების აქტივისტებს კარვის გაშლა სურდათ

დაპირისპირება აჭარის მთავრობის სახლთან. ცოტა ხნის წინ ბათუმში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების აქტივისტებს კარვის გაშლა სურდათ.

სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა დამატებითი კარვების გაშლა გზის სავალ ნაწილზე გადაწყვიტეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტებს მიუთითეს, რომ კარვების გაშლა მათ მხოლოდ საფეხმავლო ბილიკზე შეეძლოთ.

აქციის მონაწილეების განმარტებით კი, მოსალოდნელი უამინდობის გამო, დაგეგმილ აქციაზე მონაწილეები თავს ამ კარვებში შეაფარებდნენ. აჭარის მთავრობის სახლთან სიტყვიერი დაპირისპირება ნახევარ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. 

"გამოუშვეს პოლიცია და გვეუბნებიან, რომ კარვები არ შეიძლება. რომ გაწვიმდება ადამიანებს არ აქვთ უფლება პროტესტის გამოხატვის დროს თავი შეაფარონ და დაიცვან თავი?," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი მირდატ ქამადაძე.

"როდესაც არ არის მოქალაქეთა რაოდენობა, გზაზე შეიძლება გაიაროს სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, შესაძლებელია გაიაროს სახანძროს ეკიპაჟმა და აქედან გამომდინარე, უნდა იყოს გზა ღია მდგომარეობაში. დილიდან, როდესაც იქნება ხალხის მასა, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, ავტომატურად დაიკეტება საპატრულო პოლიციის მიერ,"- განაცხადა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა კონსტანტინე ანანიაშვილმა.

დღის ამბები