07 სექტემბერი 2026,   06:05
ვრცლად
საბურთალოს საარჩევნო ოლქთან დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

ხმაური და დაპირისპირება იყო საბურთალოს საარჩევნო ოლქთანაც, სადაც 3 პირი დააკავეს. სამართალდამცველები მათაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

მოგვიანებით ისინი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მათ შორის იყვნენ პარტია "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" წევრი და პარტია "მოქალაქეების" აქტივისტი. ლიდერები დაკავებებს უკანონოს უწოდებენ.

"ჩვენი დაკავება მოხდა უკანონოდ, განვუმარტე სამართალდამცველებს, რომ ვიყავი კანდიდატი, კანონი არ დამირღვევია და ჩემი დაკავების უფლება არ ჰქონდათ. მუხლი ჩაგვიწერეს წვრილმანი ხულიგნობა და დაუმორჩილებლობა, მაგრამ მე არ დავეთანხმე, ხელი არ მოვაწერე ოქმს,"- აცხადებს ოთარ თავართქილაძე.

"დაკავება იყო აბსოლუტურად უკანონო, გათავისუფლება ამ შემთხვევაში იყო კანონიერი და სწორი. დააკავეს ჩვენი წარმომადგენელი ცესკოში, რომელსაც ჰქონდა უფლება უბანზე შესულიყო და დაკვირვებოდა პროცესს. ერთი გამოაგდეს, მერე შევიდა მეორე და ისიც დააკავეს. დააკავეს ასევე ჩვენი სიის მე-4 ნომერი,"- განაცხადა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ.

"სავარაუდოდ დღეს გაიმართება ჩვენი თანაპარტიელის შალვა ქარელიძის სასამართლო პროცესი, ეს დაკავება არის რა თქმა უნდა პოლიტიკური ნიშნით, იმიტომ, რომ ის ჩემთან ერთად იდგა და იმას აკეთებდა, რასაც მე ვაკეთებდი. შესვლა გვინდოდა, პოლიციას წინააღმდეგობას არ ვუწევდით. ჯერ არ ვიცით რა მუხლით წარსდგება სასამართლოზე,"- აცხადებს პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი.

დღის ამბები