COVID-19-მა მსოფლიოში მორიგი ანტირეკორდი დაამყარა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსმა 9 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა 600 000-მდე ახალი ინფიცირების შემთხვევა.
ყოველდღიურად COVID-19-ით ინფიცირებულთა ნახევარი ევროპის კონტინენტზე მოდის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალ სტატისტიკურ მონაცემებს ავრცელებს, რის მიხედვითაც, ევროპაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი 22%-ით, კორონავირუსით სიკვდილიანობის რიცხვი კი 43%-ით გაიზარდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ქვეყნებს, დროულად უზრუნველყონ ინფიცირებულთა კონტაქტების გამოვლენა, რათა არ მოხდეს პანდემიის უკონტროლოდ გავრცელება.
ამ დროისთვის, მსოფლიოში 49 მილიონი COVID-19-ის შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან, მილიონ 200 000-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა, 90 000 ინფიცირებული კი ამ დრომდე კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში რჩება. ევროპის კონტინენტი მკაცრი ლოკდაუნისთვის ემზადება.
ავტორი: შმაგი ლიპარტელიანი