კორონავირუსით ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი უკვე რამდენიმე დღეა 2 ათასს გადასცდა. ყოველდღიურად იზრდება ინფიცირებულ მედიკოსთა რაოდენობა. ჰოსპიტალური სექტორი პარალიზების ზღვარზე მუშაობს.
მაღალი სტატისტიკა ეპიდემიოლოგებს უკვე აშფოთებთ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე მოქალაქეებს საკუთარ განცხადებას ახსენებს - სამწუხარო რეალობაზე და გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდაზე. ეპიდემიოლოგი ამბობს, რომ რეგულაციების უგულვებელყოფა ჯანდაცვის სისტემას დაანგრევს.
ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლების ჩამოწევა, კოვიდ-სასტუმროებში თერაპიული მართვის ელემენტების შეტანა, ბინაზე მკურნალობა პირველადი ჯანდაცვის რგოლით, პირბადე, თვითიზოლაცია და ანტიგენის სწრაფი ტესტი - ეს არის ის ინსტრუმენტები, რომელიც პრემიერ-მინისტრმა კორონავირუსი წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ მეთოდად დაასახელა. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მსგავსი მექნიზმები არის საშუალება იმისა, რომ ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს და ევროპის ქვეყნების მსგავსად კიდევ უფრო რთული სიტუაცია საქართველოშიც არ შეიქმნას.
სპეციალისტები რისკის ქვეშ მყოფ პირებს და განსაკუთრებით 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, გარდა აუცილებელი შემთხვევებისა, სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ, ხოლო კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელებს კი ურჩევენ, რომ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ.