"ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე და მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი N59 საოლქო საარჩევნო კომისიის წინ გამართულ აქციას გამოეხმაურნენ. მათი თქმით, რაც მოხდა, იყო დესტრუქციის მცდელობა.
როგორც მათ განმარტეს, არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა და ოლქებზე დარღვევები არ იყო, თუმცა, ოპოზიცია ცდილობს არეულობას და დღეს ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიასთან რაიონებიდან ჩამოყვანილი ახალგაზრდები მიიყვანეს.
"დღეს რაც მოხდა ქუთაისში, იყო გამოძახილი იმისა, რაც ხდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. ქუთაისში ჩამოიყვანეს 20 წლის ბავშვები, რომლებიც გაგებაში არ არიან თუ რა ხდებოდა და როგორ. 4 ადამიანი ოპოზიციური პარტიიდან ცდილობდა, დესტრუქციულად წარემართა საოლქოს მუშაობა, რაც ხელს შეუშლის ქუთაისში დემოკრატიის პრინციპებით ჩატარებული არჩევნების მტკიცებულებაში გადაყვანას. ეს არის მათი მუშაობის სტილი და ჩვენ ამას ვერ შევეგუებით,"-განაცხადა ლომინაძემ.
იოსებ ხახალეიშვილის თქმით, ეს იყო უპასუხისმგებლო აქცია, რომელმაც ხელი შეუშალა საოლქო საარჩევნო კომისიას მუშაობაში. მისი თქმით, არჩევნების შედეგი აღიარა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ, ამასთან აცხადებს, რომ მეორე ტურში ამომრჩეველი მეტად აქტიური იქნება.