დედაქალაქის მერიის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დღეიდან "ვარკეთილის", "ახმეტელის თეატრის", "დიდუბისა" და "სადგურის მოედნის" მეტროსადგურებზე, პიკის საათებში, რიგების მართვის მეშვეობით მგზავრთა ნაკადის კონტროლი დაიწყო.
უწყების ცნობით, თბილისის მეტროპოლიტენში სპეციალურ ღონისძიებებს, დედაქალაქის მერია საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოების მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ახორციელებს.
"თბილისის რამდენიმე მეტროსადგურში პიკის საათებში მოხდება მგზავრთა ნაკადების მართვა სპეციალური გამყოფი ბარიერებისა და ზიგზაგების საშუალებით. პირველ ეტაპზე შეირჩა 4 მეტროსადგური, სადაც უფრო მეტია მგზავრთა ნაკადი. ეს მეტროსადგურებია "ვარკეთილის", "ახმეტელის თეატრის", "დიდუბისა" და "სადგურის მოედანი" . მგზავრებს მოვუწოდებთ დაიცვან 2-მეტრიანი დისტანცია ამ მეტროსადგურების შესასვლელებში, ისევ და ისევ მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე," - განაცხადა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მედიასთან ურთიერთობის მენეჯერმა, თამაზ რობაქიძემ.
თბილისის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, ზედმიწევნით დაიცვან საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი რეკომენდაციები და გაუფრთხილდნენ საკუთარი და ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას.