კოვიდინფიცირებულთა სტატისტიკური მაჩვენებელი დღეს საქართველოში რეკორდულია. 10 თვის განმავლობაში ინფექცია ყველაზე მეტ, 2 775 ადამიანს დაუდასტურდა.
ვირუსი მძვინვარებს საქართველოს ყველა რეგიონში. განსაკუთრებით ცხელი წერტილებია თბილისი, ბათუმი და ქუთაისი.
კოვიდ მდგომარეობის გაუარესების მასშტაბებზე საუბრობენ სპეციალისტები. ბოლო 24 საათში ვირუსს 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ფატალური შედეგების თავიდან ასაცილებლად ეპიდემიოლოგები მოსახლეობას კვლავ რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.
მათი რჩევით, კორონავირუსის პრევენციის საუკეთესო საშუალება სოციალური დისტანცია და პირბადის ტარებაა.
კორონავირუსის კლინიკური მართვის საკითხებზე იმსჯელეს დღეს კლინიკური ჯგუფის სხდომაზე.
10 თვის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 51 993 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 37 019 პირი, ვირუსს კი 423 ადამიანი ემსხვერპლა.