ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების და აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის დაკავების საქმე - შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, დაკავება მოხდა ქრთამის მიცემის, ჯგუფურად ჩადენილი იძულების და მუქარის ფაქტზე.
გამოძიება აცხადებს, რომ 6 ნოემბერს ბრალდებულები ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდნენ და შესთავაზეს, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის სახელით, 50 000 დოლარის სანაცვლოდ, პრესის თანდასწრებით, დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა და გაეკეთებინა განცხადება არჩევნების გაყალბების შესახებ. პოლიციის ინფორმაციით, უარის შემდეგ ისინი კომისიის თავმჯდომარეს ანგარიშსწორებით დაემუქრნენ და აიძულებდნენ დათანხმებოდა შეთავაზებულ წინადადებას. მეორე დღეს 43 წლის თედორე გობეჯიშვილი საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
"შეხვედრა შედგა თედორე გობეჯიშვილის დეიდის დაკეტილ ბინაში. დაიწყო ისეთი საუბარი, რომ ხომ ხედავ ამ ხელისუფლებას დიდი დრო არ უწერია, მალე ესენი წავლენ, ამიტომ ჩვენ მოვდივართ ხელისუფლებაში და კაის იზამ თუ გამოხვალო საჯაროდ ტელევიზიით და გააკეთებ განცხადებასო, რომ არჩევნები გაყალბდა, ემიჯნები ამ რეჟიმს და ხმაურით დატოვებ შენს დაკავებულ თანამდებობას, რაშიც შესთავაზეს 50 000 აშშ დოლარი. უარის შემდეგ უკვე თქვეს, რომ ვინც მოვა ჩათვალე, რომ ყველას დააპატიმრებენ, მათ შორის შენცო, კი ვართ მეგობრები, მაგრამ სამწუხაროდ, მერე უკვე ჩვენ ვეღარ გიშველით ვერაფერსო," – აცხადებს ზაალ ზაალიშვილი.
ამ ვერსიას გამორიცხავენ ადვოკატები და აცხადებენ, რომ ამ პირების დაკავება პოლიტიკური მოტივით მოხდა.
"ბრალს, რა თქმა უნდა, არ აღიარებენ. ვნახოთ დღეს-ხვალ ბრალის წარდგენის დროს რა თქმა უნდა ბრალდების მხარე ჩვენ გადმოგვცემს საქმის მასალებს და მასში არსებული მტკიცებულებებს, თუ რა მტკიცებულებებზე იქნება დაყრდნობილი ბრალი. აკაკი კობალაძე ამბობს, რომ შეხვდნენ და ისინი იყვნენ ბავშვების მეგობრები. გობეჯიშვილის დეიდის დაკეტილ სახლში რატომ შეხვდნენ, ეს ჩემთვის უცნობია," - აცხადებს ადვოკატი დიანა მარტიაშვილი.