ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულების პირველი სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.
ბრალდებულებს, რომლებიც გარდაცვლილი თედო გობეჯიშვილის ბავშვობის მეგობრები არიან, ბრალი დროებითი მოთავსების იზოლატორში დღეს დილით წარუდგინეს. გამოძიების პირველად და ოფიციალურ ვერსიას არცერთი დაკავებული არ ეთანხმება.
"ალტერნატივის სახით, სავარაუდოდ მოვითხოვთ გირაოს. გამოძიება ჩატარებულია პროცესუალური დარღვევებით. ადვოკატებს არ მოგვეცა საშუალება მიგვეღო საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა, კერძოდ ჩხრეკის ჩატარებისას და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არის პოლიტიზირებული,"- აცხადებს დაკავებულის ადვოკატი.
"კობალაძის და ხუსკივაძის საქმე სამართლებრივი საქმიდან გასულია. პროკურატურის ბრალდება ემყარება ირიბ ჩვენებებს, გადამოწმების არც შესაძლებლობა არსებობს და არც დამაჯერებლობა. როგორც მოწმე ზაალიშვილი და ჯავახიშვილი საუბრობენ, მათ მიიღეს დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, ჯერ კიდევ თედო გობეჯიშვილის სიცოცხლისას. რა უშლიდათ მათ ხელს მიემართათ პოლიციისთვის, თუ ეს მართლა ასე იყო,"-აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილაია.