დიპლომატების მხრიდან დიალოგისკენ მოწოდებას ოპოზიციურ სპექტრში ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ისინი მოლაპარაკების წინააღმდეგი არ არიან, თუმცა გარკვეული წინაპირობებით.
"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური ძალა მზადაა ხელისუფლებასთან დიალოგისთვის საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით იმ მთავარ საკითხზე, რასაც ჰქვია ახალი არჩევნების ჩატარება:
"ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობიან მანიფესტაციებს რაც არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება, ამას გავაკეთებთ ამ კვირაში და მომდევნო კვირებშიც, პარალელურად როგორც პირველ დიდი მიტინგზევე გავაკეთებთ განცხადება, ჩვენ მზად ვართ ხელისუფლებასთან დიალოგისთვის საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით იმ მთავარ საკითხზე რასაც ჰქვია ახალი არჩევნების ჩატარება. ჩვენი პროტესტი არის აბსოლუტურად ბუნებრივი, ნორმალური და უფრო მეტიც, საჭირო იმისათვის, რომ ამ დიალოგზე ივანიშვილმა სწორი ნაბიჯი გადადგას," - აცხადებს სერგი კაპანაძე.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზაალ უდუმაშვილის თქმით, დიალოგი პრაგმატული უნდა იყოს. როგორც ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, იმ ვითარებაში, როდესაც ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან როგორც ფინანსურ ასევე სამართლებრივ შანტაჟს განიცდის დიალოგზე საუბარი ზედმეტია:
"ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ოღონდ ეს დიალოგი უნდა იყოს პრაგმატული, იმ ვითარებიდან გამომდინარე რომელიც დღეს ქვეყანაში არის შექმნილი. ხელისუფლება ერთის მხრივ გველაპარაკება დიალოგზე და მეორეს მხრივ გვაშანტაჟებს, რომ თუ პარლამენტში არ შეხვალთ დაფინანსებას წაგართმევთ და სახელმწიფო უსაფრთხოების მუხლით საქმეებს ღძრავს და სუს-ში იბარებს ხალხს. ასეთ ვითარებაში დიალოგზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ განვაგრძობთ იმ პროტესტს, რომელიც დაიწყო ქვეყანაში და ეს პროტესტი კიდევ უფრო გაძლიერდება," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
"ლეიბორისტების" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავაც აცხადებს, რომ დიალოგი მხოლოდ ერთადერთ საკითხზეა შესაძლებელი და ეს საკითხი ახალი არჩევნებია:
"ოპოზიცია ერთიანია ამ ბრძოლაში, ამ გადაწყვეტილებაში, რომ ბოიკოტი გამოუცხადოს გაყალბებულ არჩევნებს, დიალოგი რა თქმა უნდა შესაძლებელია და ეს დიალოგი უნდა შეეხებოდეს ერთადერთ საკითხს, როგორ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, როგორ უნდა შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია და როგორ უნდა იყოს ორგანიზებული არჩევნები ისე რომ თავისუფლად შეეძლოს ხალხს გამოხატოს საკუთარი ნება," - განაცხადა გიორგი გუგავამ.