23 ნოემბერი 2024,   08:55
ვრცლად
ოპოზიციური პარტიების სამი საჩივრიდან საქალაქო სასამართლომ არც ერთი არ დააკმაყოფილა

ოპოზიციური პარტიების სამი საჩივრიდან საქალაქო სასამართლომ არც ერთი არ დააკმაყოფილა.

გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. საჩივრებით სასამართლოს "ევროპულმა საქართველომ", "ერთიანმა საქართველომ" და პარტია "სამართლიანობისთვის" მიმართეს.

ხელისუფლების ოპონენტები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო სხდომაზე მიღებულ ოქმს ასაჩივრებდნენ, დავა იყო პირველ და მესამე პუნქტებზე.

ცესკომ ბოლო ხმაურიან სხდომაზე ოპოზიციის არც ერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა და არჩევნები შეაჯამა.

"ორი სარჩელიდან ერთი ეხებოდა პროპორციული არჩევნების შეჯამებას, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააკეთა უკანონოდ. კანონი კრძალავს სასამართლოს დასრულებამდე, ცესკოს მხრიდან არჩევნების შეჯამებას. ეს აკრძალვა ცესკომ დაარღვია, მაგრამ სასამართლომ კანონით არ იხელმძღვანელა.

მეორე მოთხოვნა ეხებოდა მთლიანად საარჩევნო გარემოს, როგორ ჩატარდა არჩევნები კენჭისყრის დღეს დაწყებული ბიულეტენების გატანით და კარუსელის ორგანიზებით, ბიულეტენების ჩაყრით, დამთავრებული ოქმების გადასწორებით. საოლქო საარჩევნო კომისიამ გადათვლაზე გვითხრა უარი, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც გავასაჩივრეთ, ცესკომაც თქვა უარი, მოვიტანეთ სასამართლოში და სასამართლომაც თქვა უარი,"- აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ოთარ კახიძე.

"არცერთ ნაწილში, ბუნებრივია, სამწუხაროდ, არ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი, რითიც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეს სასამართლო ხელმძღვანელობს არა საქართველოს კანონმდებლობით, არამედ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ეს არის მთელი ამ სასამართლოს არსი და ჩვენ აუცილებლად წავალთ აპელაციაში, იმისათვის, რომ დავანახოთ მოსახლეობას, რომ სასმართლო ხელისუფლების ყველა შტო ივანიშვილის მიერ არის ოკუპირებული და ამ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს,"- აცხადებს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენელი ცესკოში ირაკლი ჭყოიძე.

დღის ამბები