"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას საზოგადოებაზე გავლენის მოხდენაში ადანაშაულებს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის გიორგი კირთაძის თქმით, "ქართული ოცნების" აგიტატორები ტელეფონით უკავშირდებიან მოქალაქეებს და არჩევნებზე მისვლას აიძულებენ. პარტიის ოფისში დღეს ერთ-ერთი ასეთი დიალოგის ვიდეოჩანაწერი გაასაჯაროვეს.
ოპოზიციაში ასევე აღნიშნეს, რომ არჩევნების მეორე ტურზე აჭარაში სირცხვილის კორიდორები მოეწყობა, თუმცა ეს კორიდორები იქნება მხოლოდ "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატებისთვის და ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის.
"სახელიც, გვარიც, ტელეფონის ნომერიც ჩანს "ქართული ოცნების" აგიტატორის, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ამ მოქალაქის შესახებ საკონტაქტო ინფორმაცია მას მიაწოდეს გამგეობიდან და ის მოქალაქეს სთხოვს, რომ მივიდეს არჩევნებზე. ყველა პოლიტიკური პარტია უკლებლივ, "ქართული ოცნების" გარდა ითხოვს ხელახალი სამართლიანი არჩევნების ჩატარებას," - აცხადებს გიორგი კირთაძე.