შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ტ.ბ. დააკავეს.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, მოქალაქისგან იქირავა ავტომობილი, რომელსაც სხვადასხვა დეტალი მოხსნა და გაასხვისა. სამართალდამცველებმა დაშლილი ავტომობილი თბილისში, ყვარლის ქუჩაზე იპოვეს და ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
პოლიციის მიერ საქმეზე ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ასევე დადგინდა, რომ ტ.ბ.-მ ანალოგიური დანაშაული წარსულშიც არაერთხელ ჩაიდინა. ბრალდებულს სხვადასხვა პირისგან თაღლითური სქემით რამდენიმე ავტომობილი აქვს მითვისებული, რომელთა ნაწილი სამართალდამცველების მიერ უკვე ამოღებულია ნივთმტკიცებად.
სხვა ავტომობილების ადგილმდებარეობის დადგენისა და ნივთმტკიცებად ამოღების მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს.