უკვე 4 780 ახალი შემთხვევა ერთ დღეში. გარდაცვლილია კიდევ 37 ადამიანი. კორონავირუსის მასშტაბები კვლავ იზრდება, გუშინდელთან შედარებით კი უკვე 1 700-ით მოიმატა ინფიცირებულთა რაოდენობამ. საქართველოში ძირითადად სამი წითელი ზონაა: თბილისი, იმერეთი და აჭარა. დღეს ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ ორი ექიმი გარდაიცვალა.
ვირუსის სწრაფად გავრცელების ფონზე კლინიკების ასოციაციამ პრემიერს ღია წერილი გაუგზავნა. დოკუმენტში გაწერილია პუნქტობრივად გეგმა როგორ უნდა ებრძოლოს სახელმწიფომ პანდემიის გავრცელების საფრთხეს ისე, რომ ქვეყანამ სამედიცინო კოლაფსს თავი აარიდოს. წერილში საუბარია საველე ჰოსპიტალებისა და სამხედრო ექიმების პროცესში ჩართულობის საჭიროებებზე.
მთავრობაში კი, სადაც 2 თვიანი პანდემიის მართვის გეგმა საზოგადოებას უკვე წარუდგინეს, საველე ჰოსპიტალების საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ხედავენ. ვიცე პრემიერმა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საწოლფონდების დეფიციტის საშიშროება გამორიცხეს.
დაწესებული მკაცრი წერტილოვანი შეზღუდვები და მთავრობის 2 თვიანი წინასწარი სამოქმედო გეგმა ხვალიდან ამოქმედდება. პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განმარტებით, ახლა მთავარია ქვეყანამ დაინფიცირებულებისა და გამოჯანმრთელებულების რაოდენობას შორის ბალანსი დაიჭიროს.