24 იანვარი 2021,   23:27
ვრცლად
მელაშვილისა და ილიჩოვას სასამართლოს დაწყებამდე მათი მხარდამჭერები საქმის პროკურორს სტვენითა და შეძახილებით დახვდნენ

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების საქმის პროკურორებს სასამართლოსთან შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები სტვენით და შეძახილებით დახვდნენ.

"მონა" - ამ შეძახილისა და ტაშის ფონზე მოუწია საქმის პროკურორს, მიხეილ სადრაძეს ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ივერ მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერად სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები იმყოფებიან, ისინი დაკავებულებს პირად თავდებში უდგებიან.

სასამართლო ბრალდებულების მიმართ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას - პატიმრობას გადასინჯავს.

პროცესი დაინიშნა ადვოკატების შუამდგომლობით, რომლებიც დღეს ხელმოწერებით წარადგენენ დასტურს პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების და, ზოგადად, იმ ადამიანების განწყობაზე, რომლებიც ფიქრობენ, რომ ორივე დაკავებული პოლიტიკური ინტერესების მსხვერპლია. 7 ოქტობრიდან დღემდე შეგროვდა 200-ზე მეტი ხელმოწერა და სასამართლოს ეზოში შეკრებილები ელოდებიან, რომ ილიჩოვა და მელაშვილი საპატიმროს დატოვებენ.

შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, არის დაკავებული.

პროკურატურის ბრალდებით, კომისიის ყოფილი წევრები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს არსებითად ეწინააღმდეგება.

დღის ამბები