საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების საქმეზე დღეს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გელა ბეჟუაშვილი დაკითხეს.
ის საგარეო უწყებას იმ პერიოდში ხელმძღვანელობდა, როდესაც ის სადავო შეთანხმებები მიიღეს, რაზეც გამოძიებას კითხვები აქვს. საქმეში გელა ბეჟუაშვილის ის ინტერვიუც დევს, რომელიც ყოფილმა მაღალჩინოსანმა 2007 წელს, ერთ-ერთ აზერბაიჯანულ გამოცემას მისცა.
საქმეზე დაკავებული საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრის, ივერ მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება, სადაც ხვალ ბრალდებულების ადვოკატები საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, რომლის მიხედვით კომისიის წევრები პატიმრობაში დარჩნენ. გუშინ ბრალდებულების ინტერესების დამცველებმა სასამართლოს ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინეს, რომლითაც, მათი თქმით მტკიცდება, რომ ის რუკები, რომლის არ გამოყენებას გამოძიება დაკავებულებს ედავება, მეცნიერული თვალსაზრისით უვარგისი იყო.
პროკურატურის ბრალდებით, კომისიის ყოფილი წევრები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს არსებითად ეწინააღმდეგება.