19 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
მოზრდილთა განყოფილებაში პაციენტების 99% ჟანგბადით მომარაგებას საჭიროებს - ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტი

ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტის, ლია გოლიაძის ინფორმაციით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 150 პაციენტი მკურნალობს. მისი თქმით, არასრულწლოვნების მდგომარეობა გაცილებით მსუბუქია, ხოლო მოზრდილთა განყოფილებაში პაციენტების 99% ჟანგბადის მიწოდებას საჭიროებს. 

"მოზრდილთა განყოფილებაში, ძირითადად, არის მძიმე პაციენტები. პრაქტიკულად, თითო-ოროლა პაციენტია, რომელიც უკვე აღარ საჭიროებენ ჟანგბადის მოხმარებას და ისინი გაეწერებიან კოვიდსასტუმროებში ან ბინაზე, ხოლო პაციენტების 99% საჭიროებს ჟანგბადის მოხმარებას და მათი მდგომარეობა მძიმეა,"-განაცხადა ინფექციონისტმა

ლია გოლიაძე ამბობს, რომ ყველა პაციენტი, რომელიც ჟანგბადით მომარაგებას საჭიროებს, უზრუნველყოფილია. მისი თქმით, კლინიკას აქვს ჟანგბადის მწარმოებელი ქარხანა, ხოლო უახლოეს მომავალში მეორე ქარხნის გახსნაც იგეგმება. 

"ჩვენს კლინიკაში ჟანგბადის უზრუნველყოფა ხდება ჩვენი ქარხნიდან, რომელიც აწარმოებს ჟანგბადს. რა თქმა უნდა, ამ რაოდენობის ჟანგბადის მოხმარებაზე ეს ქარხანა გათვლილი არ იყო, თუმცა ჩვენ როგორც შეგვეძლო გავაძლიერეთ ამ ქარხნის წარმოება. პარალელურად, 1 კვირაში, 10 დღეში გვექნება მეორე ქარხანა, რითაც უფრო სრულყოფილი გახდება ჟანგბადით მომარაგება,"-განაცხადა მან. 

ინფექციონისტის განცხადებით, ამ ეტაპზე, კლინიკაში ადგილები არ არის, თუმცა, როგორც კი მსუბუქდება რომელიმე პაციენტის მდგომარეობა და კლინიკიდან ეწერება, ის მაშინვე ჩანაცვლდება სხვა პაციენტით

როგორც ლია გოლიაძე ამბობს, კლინიკა ჰიბრიდული ტიპისაა და პაციენტებს სხვა დიაგნოზებითაც იღებს. მისი თქმით, ხშირია შემთხვევა, როცა ქირურგიულ პაციენტს უდასტურდება კორონავირუსი, შესაბამისად, კლინიკას მისი მიღება უწევს.

"სამწუხაროდ, ბევრი ქირურგიული პაციენტი მოდის უკვე ინფიცირებული და გვიწევს მათი მიღებაც, ასე რომ ჩვენი პაციენტების შევსების წყარო არის არა მხოლოდ სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ მოყვანილი პაციენტები, არამედ ჩვენს კლინიკაში არა კოვიდის გამო მოხვედრილ სხვა პაციენტებსაც უდასტურდება კოვიდი, შესაბამისად პირველ რიგში, კლინიკაში ხვდებიან ეს პაციენტები,"-განაცხადა ლია გოლიაძემ..

ინფექციონისტის თქმით, კლინიკაში კორონავირუსზე ყოველდღიურად, მინიმუმ, 100 ტესტი კეთდება; ამასთან, კლინიკას აქვს განყოფილება, სადაც კეთდება ამბულატორიული პაციენტების ტესტირებაც.

"დღის კურიერის" კითხვაზე, ხომ არ შემცირებულა ვირუსის სიძლიერე, ლია გოლიაძეს ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა უჭირს. 

"სექტემბრამდე მძიმე პაციენტების წილი იყო გაცილებით ნაკლები, იმიტომ, რომ გაცილებით ცოტა პაციენტი გვყავდა. ახლა ჩვენ გვყავს ბევრი მძიმე პაციენტი, რაც გამოიწვია იმან, რომ რეგულაციები შეიცვალა, სტაციონარიზაციის პირობები შეიცვალა და პაციენტების უმრავლესობა რჩება ბინაზე. იმის თქმა, რომ ვირუსის ვირულენტობა შემცირდა ან გაიზარდა, ნამდვილად არ შეგვიძლია,"-განაცხადა მან. 

დღის ამბები