დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს სიმპტომების შემთხვევაში, ანტიგენის სწრაფი ტესტი ჩაიტარონ.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, თუკი შეზღუდვების გაფართოების პერიოდში რეკომენდაციები მაქსიმალურად იქნება დაცული, შესაძლოა, თვის ბოლოსთვის ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა განახევრდეს.
გამყრელიძის თქმით, ტესტირება უფასოა.
"ჩვენ დაახლოებითი სამიზნე გვაქვს ის, რომ ამ კვირის განმავლობაში გავიდეთ ყოველდღიურად 20 000-ზე, ანუ, გავაფართოვოთ მაქსიმალურად ტესტირება, ძირითადად პისიარი და პლუს- ანტიგენზე დამყარებული ტესტები და ამის ძირითადი მიზანი გახლავთ, რომ ადრეულ ეტაპზე გამომავლინოთ ინფიცირებულები და მათ მივცეთ რეკომენდაცია იზოლირების შესახებ, რომ თავიდან ავიცილოთ ინფექციის შემდგომი გავრცელება. ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ მოსახლეობას და ვთხოვ, მიუხედავად იმისა, შაბათ-კვირას ჩვენ ვთხოვეთ და ყველა პოლიკლინიკა, ის დაწესებულება, სადაც ამბულატორიულ პირობებში შესაძლებელი იყო ტესტირების ჩატარება, მაინც ნაკადი შედარებით ნაკლები იყო, ამიტომ ვთხოვთ ძალიან მოსახლეობას, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ამ შეზღუდვების პირობებში, მაქსიმალურად გავაფართოოთ გამოვლენის მაჩვენებელი, რომელმაც შეიძლება იმოქმედოს და ოდნავ მეტი გვქონდეს ინფიცირებულთა რაოდენობა. თუ ყველა შევასრულებთ იმ რეკომენდაციებს, რაც დღეს დადგენილია ამ სამი კვირის განმავლობაში და განსაკუთრებით, პირბადის მაჩვენებელი, რომელიც უკვე ცოტა ზემოთ აგვეწია, ამ თვის ბოლოს, ჩვენ შეიძლება ახალ შემთხვევათა რიცხვი, მართლაც სერიოზულად გავანახევროთ და ტენდენცია შეიქმნას ქვეყანაში ქვესვლის, ხოლო, აპრილისთვის ეს მაჩვენებელი ჩამოვიდეს დღიური სადღაც 200-ის ფარგლებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის. ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ მოსახლეობას, ისარგებლონ ამ შემოთავაზებით, რომ ქვეყნის 200-ზე მეტ ადგილზე ხელმისაწვდომია ანტიგენის სწრაფი ტეტსით გამოკვლევა, ყველა სტაციონარში, ყველა სტაციონარიზებული ავადმყოფისთვის და ასევე, თბილისში დაახლოებით 42 ამბულატორიულ დაწესებულებაში და მთელი საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით, 150-ზე მეტ სამედიცინო დაწსებულებაში ხელმისაწვდომია ეს და ხაზს ვუსვამ, გახლავთ უფასო. სიმპტომებიან ადამიანებს შეუძლიათ, მიმართონ როგორც ექიმის დანიშნულებით, ისე ყოველგვარი ექიმის დანიშნულების გარეშე მივიდნენ, ეგრეთ წოდებული თვითდინებით, თუ მათ აქვთ სიმპტომები. მათ ტესტირება უნდა ჩაუტარდეთ უფასოდ, ამას აფინანსებს სახელმწიფო," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.