იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრება იწყება. პროცესი დაახლოებით ორი კვირა გაგრძელდება. საბჭოს წევრები დღეში ორ კანდიდატს მოუსმენენ. საბოლოო ჯამში 50 კანდიდატიდან 9 უნდა შეირჩეს, რომლებიც დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამტკიცებენ, რომ პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს და კანდიდატის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი კომპეტენტურობა და კეთილსინდისიერებაა. განსხვავებულად ფიქრობს ნაზი ჯანეზაშვილი. საბჭოს წევრების წინაშე დღეს ივერი აბაშიძესა და გოჩა აბუსერიძეს მოუსმენენ.
"ვგეგმავთ ორ კანდიდატთან გასაუბრებას. რა თქმა უნდა საჯაროობა დაცული იქნება ყველა შემთხვევაში. მოსამართლეების შერჩევა, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, ხდება კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმების გათვალისწინებით. 50 მოსამართლე მონაწილეობს და 9 მოსამართლე უნდა წარვუდგინოთ საქართველოს პარლამენტს," - აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ნიკოლოზ მარსაგიშვილი.
განსხვავებულად ფიქრობს საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. მისი განცხადებით, იუსტიციის საბჭოს მოქმედი წევრები მათთვის მისაღებ გადაწყვეტილებას იღებენ და არჩევანს ფავორიტ კანდიდატებზე აჩერებენ.
"გასაუბრება არის კანონით განსაზღვრული, რაც სამწუხაროდ იუსტიციის საბჭოს მოქმედმა წევრებმა აქციეს ფორმალობად და საბოლოო ჯამში მაინც იღებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც არის მათთვის მისაღები და აკეთებენ არჩევანს იმ კანდიდატებზე, რომლებიც მათი ფავორიტები არიან. შესაბამისად და ეს მთელი შერჩევის პროცედურები საბოლოო ჯამში არსებითად არაფერს არ ცვლის," - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.