19 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
ტელევიზიით გავიგე, რომ ჩემი შვილი დააკავეს - ბადრი ესებუას მამა

"საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმის დაკავებას, ცოტა ხნის წინ, მისი ოჯახის წევრები გამოეხმაურნენ. 

ბადრი და ბიძინა ესებუების მამა, ტარიელ ესებუას მტკიცებით მის შვილს, რომელიც სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს იარაღი, ხელყუმბარა ან სხვა რაიმე საბრძოლო დანიშნულების მასალა არ ჰქონია.

როგორც ტარიელ ესებუა ამბობს, შვილის დაკავების შესახებ ტელევიზიით გაიგო.

"გავიგე, რომ დაკავებულია მეტი არაფერი არ ვიცი. არ ჰქონდა ჩემს შვილს ცეცხლსასროლი იარაღი და არც ხელყუმბარა, საიდან ამოიღეს? გზაშია დაკავებული ტელევიზიიდან გავიგე.

23 იყო თუ 25-ის მერე ბადრისთან კონტაქტი არავის არ ჰქონდა," – განაცხადა ტარიელ ესებუამ.

ცოტა ხნის წინ დაკავებულთან შესახვედრად, უფლებადამცველი შევიდა. ადვოკატი, ხათუნა ჯანაშია ამბობს, რომ ის საქმის მასალებს ჯერ არ გასცნობია, შესაბამისად, არ იცის მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიცია, აღიარებს, თუ არა ბიძინა ესებუა მის მიმართ წაყენებულ ბრალს. 

"კურიერის" ინფორმაციით, ბიძინა ესებუა საკუთარ ძმას, ბადრი ესებუას ყაჩაღობის პირველივე დღიდან ეხმარებოდა მიმალვაში. სანდო წყაროს ინფორმაციით, ვიდრე ბადრი ესებუას იდენტიფიცირება მოხდებოდა, ის სწორედ ბიძინა ესებუასთან იმყოფებოდა სახლში. მისი იდენტიფიცირების შემდეგ კი, ბიძინა ესებუა დაეხმარა მას მიმალვაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.   

შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზუგდიში, "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულის ძმა, ბიძინა ესებუა, რომელიც სამართალდამცველებმა დღეს, ზუგდიდში აიყვანეს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას ტარების ფაქტზეა დაკავებული.

შეგახსენებთ,  "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში ბადრი ესებუა, რომელიც შეიარაღებული იყო, საბრძოლო მოქმედებაში მოყვანილი ხელყუმბარით 21 ოქტომბერს შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბადრი ესებუაზე ამ დრომდე ძებნაა გამოცხადებული. 

დღის ამბები