ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს გაგრძელდება. ბრალდებულთა ადვოკატები "ქართული ოცნების" წარმომადგენლების - ბექა დავითულიანისა და გიორგი ხელაშვილის გამოკითხვას ითხოვენ.
უფლებადამცველების თქმით, მმართველი პარტიის წევრებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფებთან მიმართებით დასკვნები ნაადრევად გააკეთეს და მათ ცილი დასწამეს. სხდომაზე დღესვე სიტყვით აპირებენ გამოსვლას თავად ბრალდებულები.
"ჩვენ მოვითხოვთ მოწმედ იყვნენ დაკითხული გიორგი ხელაშვილი და ბექა დავითულიანი. ეს არიან ის პირები, ვინც „ქართული ოცნებიდან“ პირდაპირ შეუკვეთეს ხუსკივაძის და კობალაძის დაჭერა ისე, რომ ჯერ კიდევ გამოძიება და დაწყებული არ იყო. ამავე დროულად აკაკი ხუსკივაძეს და აკაკი კობალაძეს აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება დაგეგმილი და ეს განცხადება უკავშირდება მათ მიმართ აგორებულ არა მხოლოდ სისხლის სამართლებრივ ცილისწამებას, ამაზე მეტი დააბრალა კობახიძემ. დააბრალა, რომ მათ მოკლეს თედო გობეჯიშვილი - თავიანთი უახლოესი მეგობარი," - განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.