25 აპრილი 2024,   10:51
ვრცლად
პროკურატურა - მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

პროკურატურის განცხადებით, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

პროკურატურის ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 2020 წლის თებერვლის თვეში თამარ ბაჩალიაშვილმა დაიწყო სიარული ფსიქოლოგთან.

"2020 წლის 21 თებერვალს თამარ ბაჩალიაშვილმა სოციალური ქსელ „Facebook“-ის ერთ-ერთ ჯგუფში დაწერა შეტყობინება, რომ ხშირად აწუხებს სუიციდური აზრები, ერთხელ სცადა და არ გამოუვიდა, ხშირად აწყობს გეგმებს და არჩევს გზებს, რომელი სჯობს მიზნის მისაღწევად და ითხოვს ურჩიონ ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი. 2020 წლის თებერვლის თვეში თამარ ბაჩალიაშვილმა დაიწყო სიარული ფსიქოლოგთან.
თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ  ჯერ კიდევ თვითმკვლელობამდე ერთი თვით ადრე, 2020 წლის 18 ივნისს, მან „Google“-ის საძიებო სისტემაში ინგლისურ ენაზე დაძებნა ტექსტი თვითმკვლელობის განხორციელების გზების მოსაძებნად, საიდანაც გადავიდა ბმულზე, რომელშიც მოცემულია სტატია თვითმკვლელობის სხვადასხვა მეთოდების შესახებ, მათ შორის, თვითმკვლელობა ელექტროშოკის გამოყენებით, არტერიული ვენების გადაჭრით და მედიკამენტების ჭარბი დოზის მიღებით.

თვითმკვლელობის შერჩეულ მეთოდზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, თამარ ბაჩალიაშვილმა, 2020 წლის 17 ივლისს, 13:48:27 და 13:58:58 საათზე „Google“-ის საძიებო სისტემაში დაძებნა ტექსტი: „საძილე აბები ურეცეპტოდ“ და  „სად იყიდება ურეცეპტოდ თბილისში ფსიქოტროპული აბები“. 14:42:50 საათამდე „გუგლის“ საძიებო სისტემით ასევე ეძებდა სხვადასხვა სახის მედიკამენტებს. ძებნის შედეგებიდან თამარ ბაჩალიაშვილი გადავიდა ბმულებზე, სადაც მითითებულია ვრცელი ინფორმაცია ერთ-ერთი პრეპარატის გადაჭარბებული დოზით მიღების შედეგებზე, მათ შორის, როგორიცაა - გულის მწვავე უკმარისობა და გულის გაჩერება. სწორედ ამ კონკრეტული მედიკამენტის ცარიელი ფირფიტები, რომელზეც აღმოჩნდა მხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის დნმ, ამოღებულ იქნა მისი ავტომანქანიდან, ხოლო მედიკამენტის შემადგენლობა, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სხვა პრეპარატებთან ერთად გადაჭარბებული დოზით აღმოჩნდა მის ორგანიზმში.
გამოძიების მიმდინარეობისას, ასევე შესწავლილ იქნა, თუ რა გზით შეიძინა თამარ ბაჩალიაშვილმა მოგვიანებით მის ორგანიზმში აღმოჩენილი სამედიცინო პრეპარატები. კერძოდ, დადგინდა, რომ 17 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარი ავტომანქანით იმყოფებოდა რუსთავის გზატკეცილზე და გორგასლის ქუჩაზე მდებარე აფთიაქებში, სადაც საერთო ჯამში, შეიძინა საძილე საშუალება 20 აბი, ანტიდეპრესანტი 28 აბი, ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორის შემადგენელი პრეპარატის 30 აბი, არტერიული წნევის პრეპარატი 60 აბი და ნატრიუმის კოფეინის ბენზოატის შემადგენლობის პრეპარატის 12 აბი, ასევე შეიძინა ჩაი.  

სახლში დაბრუნების შემდგომ, ვებგვერდ „Momavali.me“-ს მეშვეობით, 18:06:04 და 18:06:42 საათზე ორი ელექტრონული წერილი შინაარსით - „მართლა ძალიან მიყვარდი“ და „კმაყოფილი ხარ?“, გაუგზავნა შპს „ზეგში“ მის უფროსს ნ.გ.-ს, რომლებიც ადრესატს 2021 წლის 17 ივლისს და 2022 წლის 21 ივლისს უნდა მიეღო. ამავე ვებგვერდის მეშვეობით 18:07:31 საათზე, თამარ ბაჩალიაშვილმა საკუთარ ელექტრონულ ფოსტაზე გააგზავნა წერილი საკუთარი თავისადმი შეკითხვით - „ცოცხალი ხარ?“, რომელიც უნდა მიეღო 2021 წლის 21 ივლისს.

იმავე დღეს, ანუ 17 ივლისს, 18:35:57 საათზე, თამარ ბაჩალიაშვილმა „Google“-ის საძიებო სისტემაში დაძებნა - „ფეისბუქის ანგარიშის გაუქმება სიკვდილის შემდეგ“, ხოლო 18:36:02 საათზე შევიდა „Facebook“-ის დახმარების განყოფილებაში და გაეცნო ინფორმაციას - „როგორ მოვითხოვო ოჯახის გარდაცვლილი წევრის ფეისბუქ ექაუნთის გაუქმება“. 18:36:20 საათზე „Facebook“-ის დახმარების განყოფილებაში გაეცნო ინფორმაციას - „ანგარიშის წაშლის ან მემორიალიზაციის მოთხოვნა“ და „რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს თუ მე გარდავიცვლები?“

გამოძიების მიერ სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის მეშვეობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სოციალურ ქსელ „Facebook“-დან გამოთხოვილი ინფორმაციით დადასტურდა, რომ სხვა გარეშე პირის მხრიდან თამარ ბაჩალიაშვილის პირად ანგარიშზე წვდომას ადგილი არ ჰქონია და 2020 წლის 28 ივლისს განხორციელდა ამ ანგარიშის მემორიალიზაცია, ანუ „Facebook“-ის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის ასახვა.

იმავე დღეს, 20:31:42 საათზე, თამარ ბაჩალიაშვილმა „Google“-ის საძიებო სისტემაში კვლავ მოძებნა კონკრეტული მედიკამენტი და სამედიცინო პორტალ - vidal.ge-ზე გაეცნო აღნიშნული პრეპარატის ანოტაციას, მათ შორის, გადაჭარბებული დოზით მიღების შედეგებს, როგორიცაა გულის მწვავე უკმარისობა და გულის გაჩერება. 

გამოძიების  მიერ სრულად იქნა აღდგენილი 18 ივლისს, ანუ თვითმკვლელობის დღეს თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების მარშრუტი, რომლის უტყუარობა დასტურდება „Google“-ის ანგარიშზე გააქტიურებული „Timeline“-ის ფუნქციით ასახული მონაცემებით და გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებით. აღნიშნული ფუნქცია თამარ ბაჩალიაშვილს მობილურ ტელეფონზე გააქტიურებული ჰქონდა 2019 წლის მარტიდან. მისი მეშვეობით შესაძლებელია პირის გადაადგილების, ადგილმდებარეობის, დროის ასახვა და ამ მონაცემების შემცველი გადაადგილების ისტორია ინახება კონკრეტული პირის „Google“-ს ანგარიშზე, რომლითაც, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ზუსტად იქნა აღდგენილი თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების მარშრუტი, კერძოდ:

გამოძიების მიმდინარეობისას, თამარ ბაჩალიაშვილის პირადი „Google“-ს ანგარიშის დათვალიერებით დადგინდა, რომ 18 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილმა ავტომანქანით გადაადგილება დაიწყო 10:09 საათზე - მოძრაობის დაწყების ადგილი იყო მისი საცხოვრებელი სახლის მისამართი. 10:15 საათზე მივიდა ფონიჭალის პარკის მიმდებარედ, მისი ბებიის რ.ზ.-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც გაჩერდა დაახლოებით 10 წუთი. 10:25 საათზე, აღნიშნული ტერიტორიიდან გადაადგილდა რუსთავის გზატკეცილზე, საიდანაც გადავიდა თბილისი-მარნეულის გზატკეცილზე, გზიდან გადაუხვია ფონიჭალის სასაფლაოზე, საიდანაც მოძრაობა განაგრძო თბილისი-მარნეულის გზატკეცილზე და 12:13 საათზე ავტომანქანა გააჩერა სოფელ მაწევანის მიმდებარედ, ბუჩქებს შორის არსებულ ადგილზე. ეს არის მისი გადაადგილების ბოლო ლოკაცია, სადაც 22 ივლისს, საკუთარ ავტომანქანაში აღმოჩენილ იქნა მისი ცხედარი. ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტით უტყუარად დადგენილია, რომ „Google“-ის ანგარიშზე გააქტიურებული „Timeline“-ის მიერ ნაჩვენები ბოლო ლოკაცია, აბსოლუტური სიზუსტით ემთხვევა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის და გვამის აღმოჩენის ადგილს," - განაცხადეს პროკურატურაში. 

დღის ამბები