შეზღუდვებიდან 20 დღის შემდეგ პირველ ამოცანას პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი შესრულებულად აცხადებს. გიორგი გახარია ამბობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ტემპი იკლებს. ბოლო 24 საათში ჩატარებული 17 029 ტესტიდან ინფიცირების 2981 შემთხვევა მთავრობის ხელმძღვანელს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.
გარდამავალი შედეგის შემდეგ გიორგი გახარია საახალწლო დღეებში მოქალაქეებს პასუხისმგებლობით მოქმედებისკენ მოუწოდებს, რაც, მისი განცხადებით, ქვეყანაში ეკონომიკური აღდგენის განმსაზღვრელი იქნება.
დადასტურებული შემთხვევების სტაბილიზაციაზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი. პანდემიის პირობებში ინფიცირების ფაქტები 24 დეკემბრიდან დაანონსებული შეზღუდვების შემსუბუქების მთავარი ინდიკატორი იქნება.
ჯანდაცვის მინისტრმა დღეს მოსახლეობას ქვეყანაში "რემდესივირის" შემოტანის შესახებაც აცნობა. პრეპარატი კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალო პროცესში ორშაბათიდან ჩაერთვება.
დღეს ვირუსით გარდაიცვალა 31 პაციენტი, ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა კი 30 107-ია. 6422 ინფიცირებული მკურნალობს კლინიკაში, 406 არის რეანიმაციულ განყოფილებაშია და თავისუფალი არის 835 ადგილი.