24 აპრილი 2024,   09:43
ვრცლად
კლინიკა "ვივამედის" დაცვის თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს 

კლინიკა "ვივამედის" დაცვის თანამშრომლის დაჭრის ფაქტი პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია წარსულში ნასამართლევი ორი პირი. მათ ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედებათ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, კლინიკის უსაფრთხოების თანამშრომელს - ჯერ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ცივი იარაღით დაჭრეს.

"1977 წელს დაბადებულ ზ.გ.-ს ბრალი ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, 1995 წელს დაბადებული შ.ბ.-ს კი - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, კლინიკა "ვივამედის“ უსაფრთხოების თანამშრომელს - 1995 წელს დაბადებულ ბ.ჭ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც ბრალდებულმა ზ.გ.-მ უსაფრთხოების თანამშრომელს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,"- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

დაკავებული ზ.გ.-ის მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დაკავებული შ.ბ.-ის მიმართ კი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას.

დღის ამბები