შეერთებულ შტატებში ბოლო 24 საათში ჰოსპიტალიზაციის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ქვეყანაში ინფექციის გამოვლენილი შემთხვევები 18 მილიონს აჭარბებს.
არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ბნელი დღეები წინ არის. ამ ეტაპზე "ფაიზერისა" და "მოდერნას" ვაქცინას ახალი შტამის წინააღმდეგ ტესტავენ.
შეერთებული შტატების მსგავსად, მძიმეა მდგომარეობა ევროპაშიც, სადაც კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა.
ვირუსის ახალი შტამის სწრაფად გავრცელების გამო დიდ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლას აჩერებს ფილიპინები, სამხრეთ კორეა და იაპონია. საფრანგეთი კი გაერთიანებულ სამეფოსთან საზღვარს გარკვეული პირობებით გახსნის.
ზომებს ამკაცრებს ჩეხეთი და ხორვატია. ორივე ქვეყანაში სურსათისა და აფთიაქების გარდა ყველა ობიექტი დაიხურება.
ავტორი : ანი მურადაშვილი