საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ სამინისტრო ამზადებს ე.წ. კულტურის რესტარტის პროგრამას, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება. მისივე განმარტებით, გაზაფხულიდან ხელოვანებს კულტურული ღონისძიებების განხორციელების საშუალება ექნებათ.
"შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ უკვე ვამზადებთ და უკვე პრაქტიკულად ძალიან მალე დასრულდება ე.წ. კულტურის რესტარტის პროგრამა, რომელიც ჩვენი სამინისტროს ფარგლებში ამოქმედდება მომავალი წლიდან უკვე.
რას გულისხმობს კულტურის რესტარტი: ერთი მხრივ, გაზაფხულიდან, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ კულტურული ღონისძიებების განხორციელების საშუალება იქნება, გარკვეული რეგულაციებით, რა თქმა უნდა.
დახურულ სივრცეს რაც შეეხება, ამ საკითხთან დაკავშირებით მე ვერ ვიქნები ოპტიმისტურად განწყობილი ზამთრის პერიოდთან მიმართებაში, თუმცა ვნახოთ რა სიტუაცია იქნება უკვე იანვრის თვიდან.
ჩვენი სამინისტროს მხრიდან იქნება ერთის მხრივ გაზრდილი ის ფინანსური ხელშეწყობის რესურსი, რომელიც სამინისტროს მხრიდან იყო წელს გამოყოფილი. მოგახსენეთ უკვე ამაზე, რამდენი კერძო ორგანიზაცია დაფინანსდა წელს და რამდენი ადამიანი იყო დასაქმებული. ჩვენ ვზრდით მოცემულობას მომავალი წლიდან. ბევრად უფრო მოქნილი საკონკურსო პირობები იქნება, ბევრად უფრო ხელმისაწვდომი იქნება უფრო მეტი კულტურული ორგანიზაციისთვის და შესაბამისად უფრო მეტი ხელოვანისთვის. ამას ჩვენ დავაანონსებთ უკვე იანვრის თვეში და ნათელი იქნება სამინისტროს მხრიდან ხელშეწყობის სქემა როგორი იქნება შემუშავებული," - განაცხადა ლევან ხარატიშვილმა.