თბილისის საკრებულოს სხდომას, სადაც 2021 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ, ოპოზიციიდან მხოლოდ 2 წევრი ესწრება. "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელი ვაჟა ოთარაშვილი და დამოუკიდებელი დეპუტატი ვატო შაქარაშვილი.
შაქარაშვილის განცხადებით, ბიუჯეტში ხარჯები არასწორადაა განაწილებული და დიდი თანხა იხარჯება პიარსა და რეკლამაზე.
"თქვენი დანაპირები შინაარსობრივ ცვლილებებთან დაკავშირებით წარსულში დარჩა და ჩანაცვლდა წინა ხელისუფლების ნაციონალური მოძრაობის მმართველობის სტილით. ეს არის საზოგადოებრივი აზრისთვის ზურგის შექცევა, ეს არის კორუფცია, ეს არის თბილისის ბიუჯეტის პირადი და პარტიული მიზნებით განკარგვა, ეს არის თბილისის ქონების, მიწების თუ სხვა აქტივების მითვისება, კონკრეტული პრივილეგირებული კომპანიების მიერ, ეს არის ურბანულად გაუმართლებელი სამშენებლო ნებართვები და ა.შ.“ - აცხადებს ვახტანგ შაქარიშვილი.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - თბილისის” წევრი ელენე ოზაშვილი ამბობს, რომ 2021 წლის თბილისის ბიუჯეტი ადამიანების კეთილდღეობაზე არ არის მორგებული, უფრო მეტიც, იზრდება ბიუროკრატიული ხარჯები, რაც, მისი თქმით, სამწუხაროა. ელენე ოზაშვილი ამბობს, რომ 2021 წლის ბიუჯეტს "ევროპული საქართველოს“ მხარდაჭერა არ ექნება.
"ჩვენ ვხედავთ, რომ ქალაქ თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი ადამიანებზე კი არ არის მორგებული, არამედ ვნახეთ, რომ იზრდება ბიუროკრატიული ხარჯები 6 მილიონით, რაც ძალიან სამწუხაროა. პირიქით, ქალაქ თბილისის მერია რომ ფიქრობდეს, რამენაირად შეუმსუბუქოს გაჭირვებულ ადამიანებს ყოველდღიური ყოფა, ჩვენ ვნახეთ, რომ ისინი იზრდიან ბიუროკრატიულ ხარჯებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი ფრაქცია ევროპული საქართველო“ არ მონაწილეობს ბიუჯეტის განხილვაში, ვიმყოფებით ბოიკოტის რეჟიმში და 2021 წლის ბიუჯეტს ჩვენ მხარს არ ვუჭერთ,“ - განაცხადა ელენე ოზაშვილმა.