შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მართლწესრიგის 40-მა ოფიცერმა დაიწყო მუშაობა.
"მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც მსოფლიოში დანაშაულის პრევენციის აპრობირებული ინსტრუმენტია. მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში შედის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება. მის ფუნქცია-მოვალეობებში ასევე შედის: დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოება; შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება და ა.შ.
ოფიცრების შერჩევა მოხდა კონკურსის წესით. კონკურსში გამარჯვებულმა კანდიდატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში რამდენიმეთვიანი ინტენსიური პროფესიული სწავლება გაიარეს," – აცხადებენ შსს-ში.
მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ჯერ დედაქალაქის მასშტაბით ყველა უბანში, ხოლო მოგვიანებით, ეტაპობრივად, მთელ საქართველოში დაინერგება.
შსს-ს ცნობით, მართლწესრიგის ოფიცრები აქამდე თბილისის მასშტაბით, ვაკე-საბურთალოსა და ძველი თბილისის რაიონებში მუშაობდნენ.