ივერი მელაშვილის ადვოკატი მე-8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას ბრალდებულის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. ედუარდ მარიკაშვილის თქმით, ადმინისტრაციამ ბრალდებულს არ მისცა უფლება ადვოკატისთვის საქმესთან დაკავშირებით წერილი მიეწოდებინა. დაწერილია საჩივარიც.
ბრალდებას კანონის დარღვევასთან დაკავშირებით უარყოფს ციხის ადმინისტრაცია. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ გულისხმობს ბრალდებულისგან ადვოკატისთვის გზავნილის პირდაპირ მოწოდებას და ამ პროცესს პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს.
ივერი მელაშვილის ადვოკატი იმ პირების ადმინისტრაციული წესით პასუხისგებაში მიცემას ითხოვს, რომლებმაც გუშინ მისთვის დოკუმენტის გადმოცემა შეაფერხეს.
"ვფიქრობ, რომ გუშინ ჰქონდა ადგილი მიზანმიმართულ უფლების დარღვევას ივერი მელაშვილის მიმართ, რაც არის დაუშვებელი. ამის გაგრძელება არ შეიძლება და მათ უნდა მიიღონ კონკრეტული ზომები, რომ ერთი - პასუხისგებაში მისცენ ადმინისტრაციული წესით ის პირები, რომლებმაც გუშინ შეაფერხეს დოკუმენტის გადმოცემა ჩემთვის და მეორე - აღარ დაუშვან ასეთი განმეორება," - აცხადებს ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი.