პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით სპეციალური საბჭო შეიქმნა, რომელიც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებით და სხვა შესაბამისი დარგის სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული. აღნიშნულმა საბჭომ კომიტეტს საექსპერტო დახმარება უნდა გაუწიოს. საბჭოს პირველი სხდომა პარლამენტში დღეს იმართება:
"ჯანდაცვის კომიტეტთან შეიქმნა სამედიცინო-საკონსულტაციო საბჭო, რომელიც COVID-19 თან დაკავშირებით საექსპერტო დახმარებას გაუწევს კომიტეტს. საუბარია ახლა არსებული სიტუაცია რა არის, რეკომენდაციები რა გვექნება შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით და თუ როგორ დავგეგმავთ შემდგომ მუშაობას," - აცხადებს ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ საბჭოს განსახილველი თემები მოიცავს ყველა იმ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია COVID-19-ის პანდემიასთან:
"პანდემიის მიმდინარეობის საკითხებზე იქნება საუბარი, ყველა მის ასპექტზე: მიმდინარე სიტუაციაზე, ეპიდემიოლოგიაზე, ვაქცინების პერსპექტივაზე და ასე შემდგომ და ჩვენს აზრს მოვახსენებთ ჯანდაცვის კომიტეტს, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა," - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.