ექსპო ჯორჯიაში მისულ "ქართული ოცნების" წევრებს სამოქალაქო აქტივისტები შეძახილებით აცილებდნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეები მმართველი პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის არჩევას აპროტესტებდნენ და პარალელურად 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებსაც.
სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამოქალაქო აქტივისტებმა გზის გადაკეტვა სცადეს. სამართალდამცველებმა მათ საავტომობილო მოძრაობის შეფერხების საშუალება არ მისცეს. წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით სამართალდამცველებმა 9 პირი დააკავეს.
მოგვიანებით პროტესტმა სამტრედიის ქუჩიდან შსს-ს შენობასთან გადაინაცვლა, სადაც 8 დაკავებული გადაიყვანეს, სადაც მათ პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. ერთი პირი კი სამართალდამცველებმა დიდუბის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. თუმცა, ცხრავე დაკავებული ხელწერილის საფუძველზე მალევე გათავისუფლდა.
სამოქალაქო აქტივისტების თქმით, რომლებიც პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან უკვე რამდნიმე კვირაა არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, ისინი მმართველი გუნდის წარმომადგენლებს არცერთი შეხვედრის მშვიდ გარემოში ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.